„დარწმუნებული ვარ, რომ უწმინდესის სახით, ზეციური საქართველოდან ჩვენს ქვეყანა ეყოლება კიდევ ერთი მლოცველი, რომელიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი სარწმუნოების სიმტკიცეს და განვითარებას“ - გიორგი კალანდარიშვილი

გიორგი კალანდარიშვილი

 "საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, ვუსამძიმრებ მთელს ქვეყანას, მთელ საეკლესიო დასს, ყველა ქრისტიანს ამ მძიმე დანაკლისს, რომელიც განსაცდელის სახით, დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს," - ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

ცესკოს თავმჯდომარემ, სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო.

"უწმინდესი და უნეტარესი იყო ეპოქალური ადამიანი, რომელმაც საკუთარი ძალისხმევით და ღვაწლით უზრუნველყო ჩვენი სარწმუნოების მნიშვნელოვნად გაერთიანება და ადამიანების იმ სწორ კალაპოტში ჩაყენება, რომელსაც ჩვენ ამ შემთხვევაში შედეგად ვხედავთ, თუ როგორი დიდი სიყვარული, სითბო ეკლესიისა და თავად უწმინდესის მიმართ არის გამოხატული საზოგადოების მხრიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ უწმინდესის სახით, ზეციური საქართველოდან ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ეყოლება კიდევ ერთი მლოცველი, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი სარწმუნოების სიმტკიცეს და განვითარებას," - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.