დახურული სასამართლო და ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული 2 პირი, რომელთა ვინაობა გასაიდუმლოებულია - ბრალდებულებს, იარაღთან და საბრძოლო მასალასთან ერთად ISIS-ის სიმბოლიკა აღმოუჩინეს

დახურული სასამართლო და ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული 2 პირი, რომელთა ვინაობა გასაიდუმლოებულია - ბრალდებულებს, იარაღთან და საბრძოლი მასალასთან ერთად ISIS-ის სიმბოლიკა აღმოუჩინეს

 ტერორიზმის საქმეში ბრალდებულები, სასამართლოში უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით შეიყვანეს.

დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე დღეს საქალაქო სასამართლოში იმსჯელეს. უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების საქმის ფარგლებში დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

სისხლის სამართლის საქმე გრიფირებულია. სასამართლო სხდომაც დაიხურა. ცნობილია, რომ ბრალდებულებმა, თარჯიმნის დახმარებით სიტყვის უფლებით ისარგებლეს. არცერთი მათგანი წარდგენილ ბრალს არ დაეთანხმა და ტერორიზმთან კავშირი უარყო. დაკავებულების ადვოკატმა მოსამართლეს, ალტერნატივის სახით 5000 და 15000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა.

დახურულ პროცესზე, ბრალდების მხარემ ტერორიზმის საქმის მასალებზე გაამახვილა ყურადღება. სხდომის დასრულების შემდეგ კი, პროკურორმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მტკიცებულებებზე, რომელიც კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოიპოვეს.

ტერორიზმის წინააღმდეგ, სუს-მა სპეცოპერაცია თბილისში და ერთ-ერთ რეგიონში, ერთდროულად ჩაატარა. საქართველოს მოქალაქეები, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ამოღებულია არაერთი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცებს შესაძლოა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონოდათ კავშირი.

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, გამოძიება, კონტრტერორისტულ ცენტრში გრძელდება.