მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი ჩაინიშნა
1743575237
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, სააგენტოს ამჟამად, დანაზოგის სახით 6 მილიარდ ნახევარზე მეტი კონტრიბუცია და ამონაგები აქვს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გასულ წელს, სააგენტოში 1 მილიარდ 185 მილიონი ლარის კონტრიბუცია შევიდა.
„2024 წელი ძალიან წარმატებული იყო. 1 მილიარდ 185 მილიონი ლარის კონტრიბუცია შემოვიდა. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ დანაზოგის სახით ექვს მილიარდ ნახევარზე მეტი კონტრიბუცია და ამონაგები გვაქვს. მათ შორის, ამონაგები არის მილიარდ ნახევარზე მეტი. უკვე ისარგებლა დაახლოებით, 20 ათასმა პენსიონერმა, რომელმაც პენსიის სახით დაინიშნა და გაიტანა. დაახლოებით, ეს თანხა ჯამურად, 70 მილიონ ლარს შეადგენს.
ასევე, ჩვენ საზოგადოებას გავაცანით ის ცვლილებები, რომლებიც 2025 წლის პირველი მაისიდან შედის ძალაში. მოგეხსენებათ, კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის პირველი მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ხელფასის გაცემის დროს, საპენსიო დეკლარაცია მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციიდან წამოვა.
შესაბამისად, აქ დამსაქმებელი ვალდებული იქნება, რომ საპენსიო სააგენტოს თავის კუთვნილ ანგარიშზე ჰქონდეს ბალანსის სახით, რომ ეს დეკლარაცია დაიხუროს. დანარჩენი სისტემა იქნება ავტომატური და სისტემა მათ დეკლარაციებს დახურავს. თუ დეკლარაციის დახურვა ვერ მოხდება, ესეც ავტომატურ რეჟიმში გადავა და ჯარიმისა და საურავის დარიცხვის საფუძველი იქნება. კერძო სექტორთან და ბიზნესასოციაციებთან გვქონდა კომუნიკაცია.
ასევე, პირველ მაისამდე არსებულ სისტემებზე ჩვენ გამარტივების მიზნით შევქმენით წლიური დეკლარაცია, რომ ერთი დეკლარაციის საშუალებით წინა წლების კორექტირება, დამატება ან ახალი დეკლარაციის შექმნა მოხდეს მხოლოდ, ერთი მარტივი დეკლარაციით.
კანონში განხორციელებული ცვლილებით, 2024 წლის პირველი ივნისიდან საპენსიო სააგენტო გახდა ერთ-ერთი მაკონტროლებელი ორგანო და ჩვენ მონიტორინგის დეპარტამენტი შევქმენით. ძველ არაჯეროვნად შესრულებულ ვალდებულებებზე ჩვენ მონიტორინგი უკვე დავიწყეთ. კომპანიებს უკვე ვამოწმებთ. ძალიან ბევრი კომპანია დადებითად გამოეხმაურა ამ ფაქტს და ძველ დეკლარაციებს ასწორებენ. ასევე, ჩვენ შევქმენით შედარების ფუნქციონალი. ჩვენთან არსებული ხელფასების განაცემი დარდება შემოსავლების სამსახურში არსებულ განაცემის ხელფასს და შესაბამისად, მარტივად შეუძლიათ კორექტირება. ასევე, პროცესია გაწერილი ამ მონიტორინგთან დაკავშირებით და ერთთვიანი ვადა აქვთ, როდესაც შეუძლიათ განიხილონ ან კომენტარები მოგვწერონ არსებულ ოქმთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამის შემდეგ ხდება დაჯარიმება. საურავი ამოქმედდება პირველი მაისიდან. მაგრამ ახლა არსებობს ჯარიმა და თუ ჯარიმა და ის ვალდებულება, რაც მონაწილის მიმართ არის, არ გამოასწორა, გადავა მერე აღსრულების ეროვნულ სააგენტოსთან და ის იქნება პასუხისმგებელი.
დაჯარიმებული კომპანიების რაოდენობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს პროცესი ახალი დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა, რომ კერძო სექტორის დამსაქმებლები შევაშინოთ. ჩვენი მთავარი მიზანი ისაა, რომ მონაწილის ინტერესი იყოს დაცული და ის მთავარი ვალდებულება, რაც აქვთ, შეასრულონ. წელს უკვე ძალიან აქტიურ ფაზაში გადავალთ.
ერთი მხრივ, 2025 წლის ცვლილება პირველი მაისიდან, ხელს შეუწყობს რომ უკვე ნაკლები შეცდომა განახორციელონ და კომპანიებმა თავი ნაკლებად აარიდონ. სრულად ავტომატიზებული სისტემა იქნება დეკლარაციის დახურვიდან, თუნდაც არ გადახდის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან და საურავის დაკისრებიდან“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.