რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი, არ იყო სათანადოდ განვითარებული ქვეყანაში, ლიდერი არ ჰყავდა და ამ მიმართულებას ჩაუდგა სათავეში - გია ვოლსკი ხაბეიშვილზე

გია ვოლსკი

ლევან ხაბეიშვილის საქმის გამოძიების შედეგს ელოდება სახელისუფლებო გუნდი და აქცენტს მის საჯარო განცხადებებზე აკეთებს.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის საჯარო მოწოდებებს კონკრეტული მიზანი ჰქონდა.

არ გამორიცხავენ იმასაც, რომ მურთაზ ზოდელავასთვის გადაცემულ მობილურში, გამოძიებისთვის საჭირო სხვა ინფორმაციაც იყო.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ქვეყანაში რადიკალიზმის მიმართულებას ხაბეიშვილი ჩაუდგა სათავეში.

"ხაბეიშვილზე ალაპარაკდა საზოგადოება, პოლიტიკური სივრცე. ხაბეიშვილის სახელი გასცდა საქართველოს სივრცის ფარგლებს. გარკვეულწილად, ეს იყო კიდეც მისი მიზანი. დაეკავებინა ნიშა, რომელიც, მისი აზრით, არ იყო დაკავებული - რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი არ იყო სათანადოდ განვითარებული ქვეყანაში, ლიდერი არ ჰყავდა და ამ მიმართულებას ჩაუდგა სათავეში.

ეს ჩვეულებრივი მოვლენა არ არის მაშინ, როდესაც ამას გარკვეული ქმედებები, მოწოდებები ახლავს. ისეთი, როგორიც აკრძალულია კანონით და კონსტიტუციის მოთხოვნებს უპირისპირდება. ეს არ არის მხოლოდ პერფორმანსი ან მოწოდება, ეს კონკრეტული ქმედებაში აისახება.

ადვოკატების პოზიცია, რომ ეს ქრთამის მიცემის დაპირება ეხება არჩევნებს, ან ხელისუფლების შეცვლის მომავალ პერიოდს, სადაც ოფიციალურად, უწყისის მიხედვით გაიცემ, მოღალატეებისათვის სასაჩუქრე თანხა, ეს არის ყოველგვარ აზრს მოკლებული პოზიცია", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.