„და დამშვიდდება ჩემი მკერდი, ჯერ ხელუხლები, და ვნებისაგან იღუნება ჩემი მუხლები“. - ვინ არის ელენე დარიანი, რომელიც ეროტიკული ლექსების გამო საზოგადოებამ ამორალურად შერაცხა...

დარიანი

ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულმა წიგნმა  „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“  თითქმის მთელი საქართველო აალაპარაკა. გაირკვა, რომ ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი, რასაც საზოგადოებაში უკმაყოფილება მოჰყვა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოუწია განცხადების გავრცელება და მუზეუმისგან მოითხოვა, რომ შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარები უკან დაბრუნდეს.

წიგნის შემდგენელი, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე წერს, რომ ელენე დარიანის წიგნში ჩასაკრავად შეცდომების გასწორების ფურცელი ჰქონდათ მომზადებული და ვინც უკვე შეიძინა და დაბრუნებას არ აპირებს, სთხოვს, ამობეჭდონ და წიგნის ბოლოში ჩააკრან.

ვინ იყო ელენე დარიანი, იგივე ელენე ბაქრაძე - მისი პიროვნება დღემდე საიდუმლოებით მოცულია  ქართული ლიტერატურის ისტორიაში.

ელენე ბაქრაძე 1897 წელს, თბილისში დაიბადა. 10 წლის იყო, მშობლებთან ერთად საცხოვრებლად განჯაში, აზერბაიჯანში რომ გადავიდა. ელენე განჯიდან საქართველოში ყოველ წელს ჩამოდიოდა არდადეგებზე, რომელსაც ძირითადად ქართლსა და იმერეთში ატარებდა.

სწორედ იმერეთში, ლესევში, 15 წლის ასაკში ნახა პირველად პაოლო იაშვილი, ისინი 3 წლის შემდეგ კვლავაც შეხვდნენ ერთმანეთს. მათი ცხოვრება უკვე რადიკალურად იყო შეცვლილი, ელენე გარიგებით იყო გათხოვილი გიორგი (გიგო) ბერიშვილზე, პაოლო კი ახალი დაბრუნებული იყო პარიზიდან.

ბაქრაძის არქივში შემორჩენილი წერილებით ირკვევა, რომ სწორედ იმ ზაფხულს გაჩნდა მათ შორის მძაფრი სასიყვარულო გრძნობა.  ამავე არქივშია დაცული დარიანის ფსევდონიმის წარმოშობის ისტორიაც. შეყვარებულმა ელენემ პაოლოს ოსკარ უაილდის გმირის სახელი, დორიანი უწოდა, საპასუხოდ იაშვილმა დარიანი შეარქვა.

პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის 14 ლექსი, რომელიც "დარიანული ციკლის" სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. 1950-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული მიიჩნეოდა, რომ დარიანი „ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი პაოლო იაშვილის ლიტერატურული გარდასახვა იყო. თუმცა, 1990-იანებში ქართულ პრესაში სხვა ვერსია გაჩნდა, რომელსაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ვერსიის ავტორი გიორგი ჯავახიშვილი იყო. მან საარქივო მასალებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ელენე დარიანი არა მისტიკური პიროვნება და იაშვილის პოეტური გარდასახვა იყო, არამედ რეალური ქალი, ელენე ბაქრაძე.

ქართველი ლიტერატორთა ნაწილისთვის დარიანის ბაქრაძესთან გაიგივება სრულიად მიუღებელი იყო.

იაშვილი პირველი იყო, რომელმაც 1915 წელს ქუთაისში საჯაროდ წაიკითხა დარიანის ერთ-ერთი ლექსი. ამ ლექსის ეროტიკულობის გამო იაშვილს აგრესიით შეხვდნენ. მსმენელთა დიდმა ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ელენე დარიანი საზოგადოებამ ამორალურად შერაცხა. „ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს. სულიერი საუნჯე დარიანს არ გააჩნია. მას არ მოეპოვება ქალური მოკრძალება და სინაზე“, – წერდა იმდროინდელი პრესა. პორნოგრაფიულად შერაცხულ ლექსებზე მაშინდელ პერიოდიკაში აღშფოთებულ კრიტიკასთან ერთად პაროდიები და კარიკატურებიც გაჩნდა. ბევრი მიიჩნევდა, რომ მსგავსი ლექსები ქართველი ქალისთვის შეუფერებელი იყო და მის ბუნებას ეწინააღმდეგებოდა.

1916 წლის სექტემბერში ელენე მოსკოვში გაემგზავრა სამედიცინო უნივერსიტეტში განათლების მისაღებად, მაგრამ სწავლას მალე დაანება თავი. როგორც აღმოჩნდა, მას სხვა ინტერესები ჰქონდა. ის თავისუფალ მსმენელად ესწრებოდა ლექციებს ფილოლოგიასა და ფილოსოფიაში, გაიცნო და დაუახლოვდა რუს ლიტერატორებს.

ელენემ მოსკოვი მალე დატოვა. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. მოგვიანებით ელენე მეორედ, ამჯერად სიყვარულით გათხოვდა. მისი რჩეული შალვა ქართველიშვილი იყო. იქორწინა პაოლო იაშვილმაც. აღსანიშნავია, რომ ქართველიშვილი სწორედ პაოლომ გააცნო ელენეს ცნობილ ავანგარდულ კაფე „ქიმერიონში“.

ელენე ბაქრაძე მეგობრებისგან და მეუღლისგან განსხვავებით რეპრესიებს გადაურჩა. დიდი ხნის განმავლობაში იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, იყო ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი.  დარიანი  1979 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აქვე გთავაზობთ ელენე დარიანის ორ ლექსს, რომელთაგან ერთის ტექსტი თიტქმის ყველამ ზეპირად იცის:

იქ, სადაც სდუმან პირამიდები

მზის ქორწილის დროს, მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული
თვალებ დანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს – მაშინ
არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით - რაში,
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენ ღელვას, ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

***

უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი...

 

მაგიჟებს სითბო! ვერ ვიგუე ფარჩის საბანი.

უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი,

დადუმებულ მხრებს ელანდება შეხება - ნელი,

სავნებო გზაზე სიბნელეა, არ სჩანს არავინ,

სასიზმრო ლოცვა ვიგალობე უკანასკნელი.

დამეძინება... გათავდება ზანტი ზმორება.

და დამშვიდდება ჩემი მკერდი ჯერ ხელუხლები

ძილში ჩემს მუცელს ვიღაც ვაჟი ეამბორება

და ვნებისაგან იღუნება ჩემი მუხლები.