1736175438
crystal hotel and spa ბაკურიანი: ძალიან კარგი სეზონი გვაქვს და რასაც ბაკურიანში ვუყურებ, ძალიან ბევრი ტურისტია
ბაკურიანში მდებარე Crystal Hotel & SPA-ში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მათზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია და სტუმრების რაოდენობის მხრივ საკმაოდ მაღალი დატვირთულობაც აქვთ. როგორც Crystal Hotel & SPA-ს მენეჯერი სიმონ მაღრაძე განმარტავს, ბაკურიანი ტურისტებით სავსეა.
„ძალიან კარგი სეზონი გაქვს და რასაც ზოგადად ბაკურიანში ვუყურებ, ძალიან ბევრი ხალხია. ჩვენს სასტუმროში და აპარტამენტებში დატვირთულობა მაღალია. ამ მომენტისთვის ნომერიც, რომ მოითხოვოთ 10 იანვრამდე თავისუფალი არ გვაქვს. საბაგირო სრული დატვირთვით მუშაობს და სტუმრებიც აქტიურად სრიალებენ. ახალი წლის პერიოდში, ანუ 30 დეკემბრიდან 10 იანვრამდე პერიოდში ყველა ჩვენს ობიექტზე თითქმის 100%-იანი დატვირთვაა. თავისუფალი ნომერი ფაქტობრივად არ გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენთან სტუმრების 50%-ი არის უცხოელი სტუმრები, ხოლო დარჩენილი 50%-ი საქართველოში მაცხოვრებლები“, - განმარტავს Crystal Hotel & SPA-ს მენეჯერი.
Crystal Hotel & SPA, რომელიც 2009 წელს გაიხსნა 171 სასტუმრო ნომრისგან შედგება და ერთდროულად 400-მდე სტუმრის მიღება შეუძლია.
„უცხოელი სტუმრებიდან კი ამ ეტაპისთვის ლიდერობენ სტუმრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან. იანვრის შუა რიცხვებიდან კი არსებული ჯავშნების მიხედვით იზრდება ადგილობრივების წილი და 70/30%-ზეა. მიმდინარე მოვლენების გამო არანაირი გაუქმებები არ ყოფილა. რა ჯავშნებიც გვქონდა თითქმის იგივე დონეზე დარჩა. რაღაცა გაუქმებები იყო, მაგრამ არა პოლიტიკური მოვლენების გამო“, - ამბობს სიმონ მაღრაძე. Crystal Hotel & SPA-ს მენეჯერის თქმით, თებერვალში ბაკურიანში ახალგაზრდული ოლიმპადა იმართება. „ჩვენ ამ ოლიმპიადის მასპინძლები ვართ და ამიტომ თებერვლის ნახევარი მათზე გაქვს გაჩერებული, ხოლო თებერვლის მეორე ნახევარი და მარტში ჩვეულებრივად არის ჯავშნები“, - ამბობს სიმონ მაღრაძე.