ComCom-ის მედიალაბის კიბერუსაფრთხოების ფორუმი „ტექ-ტრეკი“ მეორედ ჩატარდა

ComCom

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბისა და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით, მეორედ ჩატარდა კიბერუსაფრთხოების ფორუმი „ტექ-ტრეკი“, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების პოზიციების გაძლიერებასა და ამ მიმართულებით, მათი წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. წლევანდელი ღონისძიების მთავარ თემას ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენდა.

ფორუმის ფარგლებში, ინფორმაციული ტექნოლოგიების დოქტორმა და კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა, გიორგი ახალაიამ, წარადგინა პრეზენტაცია „ციფრული ჩვევების ახალი რეალობა - ხელოვნური ინტელექტი: კომფორტი თუ საფრთხე“, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო თუ როგორ ვუზიარებთ მონაცემებს ტექნოლოგიებს ყოველდღიურად, ასევე, სად და როგორ მუშავდება ჩვენი მონაცემები. ამასთან, განხილული იყო ის ციფრული ჩვევები, რომლებიც ნებისმიერ დროს შესაძლოა საფრთხედ იქცეს.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა პრეზენტაცია „ხელოვნური ინტელექტის სისტემების უსაფრთხოება“, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტმა, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტმა და პროფესორმა, მაქსიმ იავიჩმა წარადგინა. პრეზენტაცია შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე განხორციელებული კიბერ-შეტევები, გენერაციული AI-ის საფრთხეები, მონაცემთა კონფიდენციალურობის დარღვევის რისკები და თანამედროვე თავდაცვითი მექანიზმები.

ამასთან ერთად, „ტექ-ტრეკის“ ფარგლებში სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, საჯარო მმართველობის დოქტორმა და ინტერნეტის განვითარების ინიციატივის გამგეობის თავმჯდომარემ, ვლადიმერ სვანაძემ, ჩაატარა პრეზენტაცია „ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებისთვის და კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტისთვის“, რომელიც კიბერუსაფრთხოებაში AI სისტემების მხარდაჭერას, ასევე, სისტემის სანდოობას, მდგრადობასა და რეაქციას შეეხებოდა. ამასთან ერთად, საუბარი დაეთმო Deepfake-ს, მანქანური სწავლების ალგორითმების სამ კატეგორიას და კიბერსაფრთხეების ტიპების კლასიფიკაციას.

შეხვედრის ფარგლებში, გამომსვლელების პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ სფეროს წამყვანი პროფესიონალებისთვის კითხვების დასმა შეძლეს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.