„ჩვენი პროგნოზით, კენჭისყრის დასრულებიდან ერთი-ორი საათის განმავლობაში უნდა ველოდოთ წინასწარ შედეგებს, რაც მალე მოვახერხებთ საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას, მით მოხარული ვიქნებით“ - გიორგი კალანდარიშვილი

გიორგი კალანდარიშვილი

განვლილი პილოტებისა და საპარლამენტო არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი პროგნოზით, კენჭისყრის დასრულებიდან ერთი-ორი საათის განმავლობაში უნდა ველოდოთ წინასწარ შედეგებს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული.

"შედეგები გადმოგზავნილი თუ იქნება ნახევარ საათში, ორმოც წუთში, ორმოცდაათ წუთში, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავაყოვნებთ. რაც მალე და ადრე მოვახერხებთ საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას, მით მოხარული ვიქნებით. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია ტრადიციულ პროცედურებზე, რაც კვლავ არის პროცესში – გადასატანი ყუთიდან მოსული ბიულეტენების მოთავსება, წილისყრები, უბნის დახურვის, გადმოგზავნის პროცედურები. ეს გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული", – განაცხადა კალანდარიშვილმა.