„ჩვენი მიზანია თბილისის ქუჩებში ყველა ადამიანი დაპურებული დადიოდეს“ - გიორგი ყელბერაშვილი

giorgi yelberashvili

სიკეთის კეთებას, რომ მხოლოდ მონდომება უნდა, ამაში ეს სტატია დაგარწმუნებთ. გიორგი ყელბერაშვილმაც მოინდომა და უკვე ხუთი წელია, ამ გზას მიუყვება. მთავარია გინდოდეთ, მიზნისკენ მიმავალ გზაზე ქმედითი ნაბიჯები გადადგით და მერწმუნეთ, აუცილებლად გამოგივათო - ამბობს გიორგი.

ყველაფერი 2017 წელს მაშინ დაიწყო, როცა საქველმოქმედო ფონდი „სხვა სიცოცხლე“ დააარსა. ფონდის ანგარიშზე უკვე არაერთი კეთილი საქმე და უამრავი გადარჩენილი სიცოცხლეა. ეს სულ სხვა სტატიის თემაა და ამაზე სხვა დროს მოგიყვებით. ახლა კი გიორგის კიდევ ერთ ახალ ინიციატივაზე უნდა გიამბოთ. ცოტა ხნის წინ ახალი იდეა გაუჩნდა და ახლა ფრთები უნდა შეასხას. ქალაქის ქუჩები უნდა შემოიაროს და უპოვარ ადამიანებს საკვები პროდუქტებით დაეხმაროს.

„უკვე ხუთი წელია, რაც ეს ფონდი არსებობს. ამ ხნის განმავლობაში, კეთილი ადამიანების დახმარებით, არაერთი კეთილი საქმე გავაკეთეთ. საბედნიეროდ, ბევრი ადამიანის ცხოვრება შევცვალეთ უკეთესობისკენ.

ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად, დედაქალაქის ქუჩები შემოვიარო და უპოვარი, სოციალურად დაუცველი ადამიანები დავაპურო. ამ ყველაფრის იდეა გახდა ერთი ფაქტი, როდესაც ტაშკენტის ქუჩაზე შემთხვევით გადავაწყდი, ნაგვის ურნასთან მდგარ მოხუც მამაკაცს, რომელიც აშკარად საკვებს ეძებდა...

კეთილი ადამიანების შემოწირულობა რის საშუალებასაც მოგვცემს, იმ თანხით შევიძენთ საკვებ პროდუქტებს და დავეხმარებით ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს. არა აქვს მნიშვნელობა, ეს პენსიონერი იქნება, მარტოხელა დედა თუ მრავალშვილიანი ოჯახი. შევეცდებით ყველასთან მივიდეთ და მძიმე ყოფა რამდენიმე დღით მაინც შევუმსუბუქოთ.

სიკეთის მარათონის იდეის შესახებ, სოციალურ ქსელში დავწერე და უკვე საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გარკვეული თანხა უკვე შეგროვდა. ზოგიერთი ადამიანი საკვები პროდუქტებით დახმარებას დაგვპირდა. სავარაუდოდ ერთ კვირაში უკვე დავიწყებთ ამ იდეის განხორციელებას. იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი გამოთქვამს სურვილს ჩაერთოს ჩვენს კამპანიაში და ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე.

მჯერა ჩვენი საზოგადოების და პირადად მე, არაფერს დავიზარებ, თუნდაც ღამის თენება მომიწიოს, უკლებლივ ყველასთან მივალ, თქვენი დახმარებით შეძენილ საკვებს გადავცემ და გავახარებ. მჯერა, რომ სამყაროს უკეთესობისკენ სიკეთე ცვლის“, - ამბობს გიორგი ყელბერაშვილი.