ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო

ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, რეგისტრაცია დაიწყო - ბენეფიციარებმა, პროცედურა, 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიარონ, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად მარტივად არის ორგანიზებული, რათა ბენეფიციარებმა შეძლონ სახელმწიფო პროგრამაში გადასვლა.

„შევეცადეთ, მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო რეგისტრაციის პროცესი და იმავდროულად, ყოფილიყო შესაძლებლობა, სრულად მოგვეძიებინა ინფორმაცია თითოეული იმ ბენეფიციარის შესახებ, რომელსაც სურს სახელმწიფოს პროგრამაში გადმოსვლა. ამ ინფორმაციის თავმოყრა აუცილებელია და უშუალოდ, ბენეფიციარის ინტერესებშია, რადგან მკურნალობის სწორად, სრულფასოვნად დაგეგმვას ისახავს მიზნად. ცვლილება, რაც არის ამ დროისთვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის - თუ კი სერვისებზე ხელმისაწვდომობას გარკვეულ საფასურად ახერხებდნენ, 15 აგვისტოდან, ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემდეგ, ეს მათთვის გახდება უფასო. შესაბამისად, დაიწყება მკურნალობის პროცესის დაგეგმვა, მკურნალობის განხორციელება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული მათგანი მონახავს საკუთარ თავში ძალას, მიიღონ სახელმწიფოსგან გაწვდილი ხელი - რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული, საერთოდ არ იყვნენ დამოკიდებული ნარკოტიკზე. შესაბამისად, ეს მათთვის იქნება მიღწევადი მიზანი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ: ost.moh.gov.ge-ზე. ასევე, დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს, ან მის ტერიტორიულ განყოფილებებს - ადგილზე რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველ დღე, კვირის გარდა, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.