1734813647
ბუტაფორიული ქალაქი ბანკებით, მაღაზიებით, ქუჩებით, შუქნიშნებით... - ინფორმაცია მათთვის, ვისაც ავტომობილის მართვის შესწავლა უნდა
სულ მალე დედაქალაქში მინიატურული ქალაქი მოეწყობა, სადაც ადამიანები ავტომობილის მართვის უსაფრთხოდ სწავლას შეძლებენ.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის, მევლუდ მელაძის თქმით, ტერიტორიაზე დაყენდება შუქნიშნები, შეიქმნება მოდელირებული ქუჩები თავის სახლებით მაღაზიებითა და ბანკებით, რაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაეხმარება ავტომობილის მართვის უსაფრთხო შესწავლაში.
„ამ ტერიტორიაზე იქნება ავტომობილის მართვის სასწავლო ცენტრი, ნებისმიერ ადამიანს ექნება საშუალება ისარგებლოს ამ ტერიტორიით, მათ შორის იმათაც, ვინც ქუჩაში „ხულიგნობს“ და აწყობს რბოლას.
საფასური მინიმალურია დღეში 25 ლარი, საათები განსაზღვრული არ არის, ხოლო თვეში ერთი დღე, 13 რიცხვი იქნება სრულად უფასო, აქ შეძლებენ ბუქსაობასა და რბოლას.
ამ ქალაქში იქნება კონტრავარიული და ექსტრემალური მართვის კურსები.
პარალელურად სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და სხვა პირებისთვის იქნება ბუტაფორიული ქალაქი თავის ბანკებით, მაღაზიებით, ქუჩებით, შუქნიშნებით და იმეცადინებენ აბსოლუტურად ყველა, რადგან როცა გახდებიან მძღოლები, იყვნენ მომზადებულები.
ამით მეტ სიცოცხლეს დავიცავთ, რადგან წელიწადში 600 ადამიანის გარდაცვალება საავტომობილო გზაზე, ამ პატარა ქვეყნისთვის ძალიან დიდი ციფრია.
ბავშვებისთვის იქნება მექანიკური ჯიპები , იქნება შუქნიშნები, ტალახი რომ ჩაეფლონ , გაერთონ და პარალელურად ამ გართობაში ისწავლონ საგზაო ნიშნები, სად შეიძლება გადასვლა და სად არა, საგზაო უსაფრთხოების მთელი კომპონენტი, რაც კი გვაქვს", - განმარტა მევლუდ მელაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრის დროს.
მისივე თქმით, „ლილო არენას“ გახსნა აპრილში იგეგმება.
„მშენებლობა უკვე დაწყებულია, გზის საფარი თავიდან ბოლომდე მოეწყო, ამინდს ველოდებით, რომ ასფალტი დავაგოთ, აპრილისთვის დასრულებული არ იქნება თუმცა ამ პერიოდში გავხსნით“, - განაცხადა მევლუდ მელაძემ.