ბევრი მლანძღავს დაუფარავად და მეც შემიძლია სხვები პირდაპირ გავლანძღო - მარიამ გულედანი

გულედანი

აჩიკო გულედანის შვილი მარიამ გულედანი ეკრანზე გამოჩენის დღიდან საკმაოდ გამორჩეულია თავისი მეტყველების მანერით, ხმამაღალი განცხადებებით. ამბობს, რომ ყველაფერს ისე ამბობს, როგორც ფიქრობს, არაფერს „ფუთავს“.

„ხალხს ჰგონია, რომ ძალით ვლაპარაკობ ჩქარა, არადა რა ვქნა, ასეა, უბრალოდ, სწრაფი ლაპარაკი ვიცი. გონება უსწრებს ფიქრს და ვცდილობ ხოლმე, დავაწიო, რაც ძალიან რთულია. არ ვიცი, რატომ ჰგონია ხალხს, რომ შემიძლია, გავჩერდე და არ ვჩერდები. ან მომისმინონ, ან თუ არ მომისმენენ, ფეხებზე არ მკიდია?! მეტყველების პედაგოგთან დავდივარ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ხალხმა რაღაც თქვა. უბრალოდ, მირჩევნია ჩემი გაიგონ, თორემ კომენტარში რომ ვიღაც წერს, მარიამი ასე ნუ ლაპარაკობს, თორემ ვერ ვუსმენო, მაგრად მკიდია ეგ ხალხი. ვლაპარაკობ იმისთვის, რომ რაღაც მიზნები მაქვს და მინდა, გაიგონ ის, რაც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია.

საერთოდ არ ვთვლი, რომ რამე ეთერისთვის შეუფერებელი ვთქვი. რასაც ვამბობ, ზედმეტი არაფერი მგონია. ეს ნორმები ვინ დააწესა? მე არ მჯერა დაწესებული ნორმების. მე საკუთარი წესებით ვთამაშობ. ხუთი კაცი გამოვიდა და გადაწყვიტეს, ეთერში ეს ვთქვათ და ეს არაო?! ეთიკა, კულტურა და მორალი ძალიან სუბიექტურია. ობიექტური არის სამართალი. ხალხმა როგორღაც უნდა გაიგოს, რომ მორალი სუბიექტურია. ხალხისთვის ყველაზე მიუღებელია პირდაპირობა. მე რომ მგონია, ვიღაც სულელია, პირდაპირ ვეუბნები, რომ სულელია. არ ვფუთავ, ხალხი ფუთავს. ეშინიათ, თვითონაც იგივე არ შემოუბრუნდეთ. მე არ მეშინია. მეც ბევრი მლანძღავს დაუფარავად და მეც შემიძლია სხვები პირდაპირ გავლანძღო, თუმცა არგუმენტირებულად.

ამბობენ, რომ თავისუფლება უზრდელობაში გადასდისო, მაგრამ ეგეც მკიდია, იმიტომ, რომ ამის მთქმელ ხალხს თავისუფლების არსი არ ესმით. უზრდელობაც ძალიან სუბიექტურია. მე არანაირი წარმოდგენა არ მაქვს უზრდელობაზე. არ მგონია, რომ ეგეთი ცნება არსებობს. მგონია, რომ ყველაფერი იმაზეა, შენ მაგას როგორ მიიღებ. ხალხმა ეს თუ არ გაიაზრა, ასეთებად დავრჩებით", - განუცხადა მარიამ გულედანმა „თბილისელებს“.