ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა

აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა

ბათუმის ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ერთობლივი ორგანიზებით, სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა.

სწავლების მიზანი ინციდენტის დროს ეფექტიანი მოქმედებისა და ორგანიზების გაუმჯობესება, ასევე კრიზისულ სიტუაციაში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება იყო. სწავლება მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც რეალური ინციდენტის მოდელირებას ეფუძნებოდა.

სწავლება აეროდრომის ტერიტორიაზე სხვადასხვა მოდელირებული სცენარით გაიმართა: მოხდა საჰაერო ხომალდის სიმულაციური ავარიული დაშვება და ხანძრის ლიკვიდაცია, ასევე ბაქანზე მდგომ საჰაერო ხომალდზე ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებლება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქაერონავიგაციის,შსს-ის შესაბამისი დანაყოფები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სპეციალური დანაყოფი, ასევე, აჭარის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სირაძის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პრობლემების მიუხედავად, გეგმურმა სწავლებამ წარმატებით ჩაიარა.

„სწავლების მიზანი იყო, შესაძლო ინციდენტის დროს ჯგუფში ჩართული პირების ერთობლივი უნარების გამომუშავება. მიუხედავად, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, სწავლებამ წარმატებით ჩაიარა და ყველა სამსახურის მოქმედება შეიძლება დადებითად შეფასდეს“, – განაცხადა გიორგი სირაძემ.

სრულმასშტაბიანი სწავლებები საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. მომდევნო სწავლება უახლოეს მომავალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.