ბაკურიანში აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში „ბაკურიანი 2026“ ჩატარდა

კობა კობალაძე

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, დაბა ბაკურიანში ჩატარდა აფხაზეთის ღია პირველობა ჭიდაობა ძიუდოში "ბაკურიანი 2026".

ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს 2014-2015 და 2016-2017 წლებში დაბადებულმა ვაჟებმა და გოგონებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. აღსანიშნავია, რომ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილე 100-მდე სპორტსმენი, დაბა ბაკურიანში, 10 დღიანი შეკრების ფარგლებში ვარჯიშობდა და ჩემპიონატისთვის საგანგებოდ ემზადებოდა.

ჩემპიონატის დაწყებამდე, მოზარდ სპორტსმენებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში, ისინი, თავიანთ ქვეყანას, საერთაშორისო სარბიელზე, არა ერთხელ ასახელებენ და გამარჯვების კვარცხლბეკზე, საქართველოს დროშას ააფრიალებენ. კობა კობალაძემ და გიორგი ძაძამიამ მოზარდი სპორტსმენების მწვრთნელებს, ჯანსაღი თაობის აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.

ასპარეზობა 11 წონით კატეგორიაში გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, აფხაზეთის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის უფროსმა, აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და 2008 წლის ომების ვეტერანმა, სპორტის ოსტატმა ჭიდაობა ძიუდოში, ეროვნული კატეგორიის მსაჯმა, გიორგი ედილაშვილმა, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ამირიძემ, გიორგი ძაძამიამ და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილემ, იგორ კოპალიანმა გადასცეს.

როგორც აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის პრეზიდენტმა, კობა გეგიამ განაცხადა, აფხაზეთის ღია პირველობა მოზარდთა შორის ჭიდაობა ძიუდოში, დაარსდა 2023 წელს და ყოველწლიურად ტარდება.

ტურნირის მიზანია, მომავალ თაობებში ჭიდაობა ძიუდოს პოპულარიზაცია, მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მკვიდრ ნორჩ სპორტსმენებს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება.ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ‘’აფხაზეთის ძიუდოს აკადემიას’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2024 წელს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, აფხაზეთის ძიუდოს აკადემია, სადაც ჭიდაობა ძიუდოში 5-17 წლის მოსწავლე-ახალგაზრდები ვარჯიშობენ, უსასყიდლოდ წვრთნის ვეტერანთა, სოციალურად დაუცველთა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს.