ავსტრალიაში მცხოვრები ქართველები: მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, პატივი სცენ ხალხის არჩევანს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე და განსხვავებული აზრის მქონე მოსახლეობის უმრავლესობაზე თავდასხმის ნაცვლად პროცესები გადაიტანონ პარლამენტში

დროშა

ავსტრალიაში მცხოვრები ქართველები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურებიან. ისინი მოუწოდებენ პოლიტიკურ ძალებს და მათ მხარდამჭერებს, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს.

„ავსტრალიაში მცხოვრები ქვევით ხელმომწერი ქართველები ვეხმაურებით საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და ამის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

არჩევნებისას ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მშვიდობას, სტაბილურობას, ევროკავშირისკენ ღირსეულად სვლას და ხელისუფლებაში აირჩია „ქართული ოცნება“. ამავე დროს, პარლამენტში მოხვდა 4 ოპოზიციური პარტია, რომლებმაც, სამწუხაროდ, არ აღიარეს არჩევნების ლეგიტიმური შედეგები და პროცესები გადაიტანეს ქუჩაში.

მათმა ქმედებებმა მიიღო რადიკალური დესტაბილიზაციის ფორმა, გამოიწვია მასობრივი არეულობები, ძალადობრივი დაპირისპირებები, რიგითი მოქალაქეების და სამართალდამცველების დაზიანება, თავდასხმა, სახელმწიფოს განადგურება.

ვგმობთ ნებისმიერ მსგავს ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს! ასევე, ვემიჯნებით და ვგმობთ საქართველოში რადიკალური ძალების (და ავსტრალიაში მათი მხარდამჭერი ქართველების ერთი ჯგუფის) მხრიდან მიმდინარე შეუწყნარებლობის და ბულინგის კამპანიას განსხვავებული აზრის მქონე თანამემამულეებზე, რისი მსხვერპლიც ჩვენც ვართ აქ ავსტრალიაში. სწორედ ამ საფრთხის გამო, ჩვენი ოჯახის წევრების სახელებს ხელმომწერებს შორის ვერ ვუთითებთ. ვემიჯნებით, ასევე, რევოლუციის და სახელმწიფო გადატრიალების მიმდინარე მცდელობას!

მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, მათ მხარდამჭერებს, რათა პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე და განსხვავებული აზრის მქონე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე თავდასხმის ნაცვლად, პროცესები გადაიტანონ პარლამენტში, ნორმალურ პოლიტიკურ სივრცეში. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო დგება კიდევ ერთი საშიში სამოქალაქო დაპირისპირების და გარე ძალების ხელშეწყობით საქართველოსთვის გამანადგურებელი ომის რეალური საფრთხის წინაშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ მხოლოდ მშვიდობას, სტაბილურობას და ღირსებით სვლას ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: გიორგი ნოზაძე, თორნიკე ხარშილაძე, გია ჯიქურიძე, ზვიადი კაპანაძე, მალხაზ მეტონიძე, გოჩა ხარშილაძე, გიორგი ჯანჯღავა, ზვიად ალექსიშვილი, გიო ნოზაძე, გიორგი მელიქიშვილი.

2024 წლის 1-ელი დეკემბერი ავსტრალიის თანამეგობრობა", - ნათქვამია მიმართვაში.