"ავერსის" დამფუძნებელი მედიკამენტების ფასებზე: ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ხელისუფლებამ გამოთქვა სრული მზადყოფნა, შემუშავებული წინადადებები რეალურად განხორციელდეს

პაატა კურტანიძე

ფასების შემცირება პროდუქტებზე, წამლებზე და საწვავზე - პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. ცოტა ხნის წინ დასრულდა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის, საკოორდინაციო კომისიის წევრების, სააფთიაქო ქსელებისა და ფარმაცევტთა ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა.

ეს იყო რიგით მეხუთე სხდომა. მანამდე უკვე გაიმართა შეხვედრები ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებსა და მეწარმეებთან. გაკეთდა განცხადება, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და ფასების რეგულირების სივრცე არსებობს.

პარალელურად, მომდევნო კვირიდან იქმნება სპეციალური კომისია პარლამენტში.

შეხვედრასთან დაკავშირებით "ავერსის" დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ისაუბრა, რომლის განცხადებითაც, წარადგენენ წინადადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა მედიკამენტების ფასი იყოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი.

"ბიზნესმენების ბუნებრივი ინტერესია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფასნამატით და იაფად გავყიდოთ პროდუქცია, მითუმეტეს მედიკამენტები, რათა მოსახლეობამ შეძლოს მისი შეძენა. თუ ვერ შეიძინა პროდუქცია ადამიანმა, ბიზნესიც ვერ გექნება. შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, ჩვენ წერილობით წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან და ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ წამლის ფასი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ პირადად მე იმით, რომ ხელისუფლებამ გამოთქვა სრული მზადყოფნა შემუშავებული წინადადებები რეალურად განხორციელდეს," - აღნიშნა "ავერსის" დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ.