აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს

aqcia

აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

ამ წუთებში ადგილზე დასუფთავების სამსახური მუშაობს. ათონელის ქუჩაზე რჩებიან სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე, აქციაზე „4 ოქტომბრის დეკლარაცია“, „დასაჭერთა სია“ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარდამავალ პერიოდს აცხადებდა.

ამავდროულად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა: „მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას, შევიკრიბებით და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს“.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრა, სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.

აქციის მონაწილეები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასსხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აფრთხილებდნენ, დაშლილიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი რჩება რუსთაველის გამზირზე.