„აქამდე არავის მოუფიქრებია... რაღაცნაირად საყვარლები არიან...“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

zura shevardnadze

გარდენია-შევარდნაძის მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მეზობლების შესახებ წერს, რომლებიც ხშირად სტუმრობენ.  

„ჩინელი მეზობლები მყავს, მესამე წელია აქ ცხოვრობენ სადღაც ახლოს, სავაჭრო ცენტრში მუშაობენ ალბათ თბილისის ზღვაზე, არ ვიცი.

ჩვენთან ხშირად მოდიან, ყოველთვის ექვსნი, საღამოობით, კაფეში, ჩაის სვამენ, იცინიან, შეჰხარიან ერთმანეთს, ჩვენს მიმართაც კეთილგანწყობილები არიან და ერთმანეთის მიმართაც.

ჩვენს მენიუში წერია:

- შავი ჩაი გურიიდან ფინჯანი 3 ლ.

- შავი ჩაი გურიიდან ფინჯანი, სამოთხის ვაშლის მურაბით 5ლ.

დახლზე ასევე იყიდება 600 -გრამიანი ქილით სამოთხის ვაშლის მურაბა 8 ლარად, ვინიცობაა ვინმე გადაირიოს და თან წაღება მოინდომოს.

გუშინ საღამოსაც მობრძანდნენ ჩვენი სტუმრები, მოკრძალებული დაბალ ხმაზე სიცილ-კისკისით, ჩვენთვის გაუგებარ ენაზე ერთმანეთს შეხუმრებულები, ჩვენც შემოგვიღიმეს და შეუკვეთეს 6 ფინჯანი ჩაი მურაბის გარეშე. მერე ერთ-ერთმა მომცრომ, მთლად წვრილი თვალები რომ აქვს, იმან იყიდა ქილით მურაბა, გახსნა, დადგა შუა მაგიდაზე. ამასობაში ჩაიც ადუღდა... შემოუსხდნენ და ბოლომდე ამოჭამეს ქარვასავით ვაშლები, ყუნწებით ქილიდან, მიირთმევდნენ და გაუდიოდათ ჩვეული სიცილ-კისკისი.

გამარჯვებული სახით გადაგვიხადეს მოგვიანებით 18 ლარი და კიდევ უფრო აკისკისებულებმა გამოგვემშვიდობნენ მომავალ შეხვედრამდე...

აქამდე არავის მოუფიქრებია...

რაღაცნაირად საყვარლები არიან ეს ოხრები“, - წერს ზურა შევარდნაძე.