ამერიკაში წარმატებული ქართველი ბლოგერი ქალი, რომელმაც ამერიკაში მოდის მიმდევრები აალაპარაკა

sofia tsaava

მოდის სამყარო, საინტერესო სამოსი თუ აქსესუარები, ფოტო სესიები, ათასობით მომლოდინე გამომწერები და თანამედროვე ტენდენციები და სიახლეები, ოჯახი და ქველმოქმედება - ეს ამერიკაში მყოფი ბლოგერის ყოველდღიურობის ნაწილია, რომელსაც „პრაიმტაიმი“ ამ სტატიაში გაგაცნობთ. 
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი არც მოდის სამშობლოდან - საფრანგეთიდანაა და არც ამერიკელია... ქალბატონი, რომელიც შტატებსა და მის ფარგლებს მიღმა მიიღეს, შეიყვარეს და მის რჩევებს თვალყურს ადევნებენ ქართველი სოფია ცაავაა.

თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა. ბედი სცადა და ამერიკის საელჩოში მივიდა. ბედმა გაუღიმა, ვიზა მიიღო და მოგზაურობისთვის მოემზადა, თუმცა „ამერიკული არდადეგები“ იმაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე - გეგმავდა.

ოცნებების ასრულების ქვეყანამ ისიც ისევე გაიტაცა, როგორც ბევრი ჩვენი და სხვა თანამემამულე... მიუხედავად ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებისა, სოფიასათავის საქართველო მაინც შეუცვლელია... არ უყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ნოსტალგიას ის სამშობლოში შეჭირვებული ადამიანების დახმარებაში იქარვებს.

ყველაფერი სოციალურ ქსელში დაიწყო, როგორც რიგითმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფოტო განათავსა, ეს ალბათ მისი ბავშვობის ინტერესის დაკმაყოფილების მცდელობა იყო...  უბრალო პოსტმა სრულიად უცხო ადამიანებისგან  დიდი გამოხმაურება პოვა - ასე დაიწყო ამერიკაში ქართველი ბლოგის წარმატებული საქმიანობა. ამ ყველაფერზე დავითანხმეთ და თავად მოგიყვებათ... 

- საკმაოდ აქტიური ადამიანი ვარ, მით უმეტეს, რაც საცხოვრებლად საქართველოდან ამერიკაში გადმოვედი, სხვადასხვა სოციალურ ქსელში უფრო გავაქტიურდი. რაღაცნაირად თავისთავად მოხდა... ბლოგერი ისე გავხდი, თავადაც ვერ მივხვდი... როგორც სოციალური ქსელების მომხმარებელმა, რამდენიმე ფოტო დავდე და იმდენად თბილი გამოხმაურებები მივიღე, თავად ვერ წარმოვიდგენდი... ასე დაიწყო ჩემი ბლოგერობის ამერიკული ისტორია და ახლა ყველაფერი ისაა, რასაც ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი უჭირავს. ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაა, ისაა რასაც ადამიანები ჩემს ბლოგში ნახულობენ.

- რატომ მიიღეთ საქართველოდან ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება?

- ამერიკაში წამოსვლა სპონტანურად მოხდა. საქართველოში ერთ-ერთ სასტუმროში მენეჯერად ვმუშაობდი. იმ დროს უბრალოდ ვიფიქრე, აშშ-ში მემოგზაურა. გამიმართლა და ვიზა მომცეს, თუმცა ჩემი „მოგზაურობა“ ისეთივე ხანგრძლივი აღმოჩნდა, როგორც აქ სხვა ბევრი ჩამოსულის... თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამერიკა ყოველთვის ჩემი საყვარელი ქვეყანა იყო. შორიდან მომწონდა აქაური ცხოვრება, ახლა კი, ეს შეგრძნება გამიათმაგდა. 
სინანულით ვიტყვი, რომ ამერიკაში, თუნდაც ჩემ სფეროსა და საქმიანობაში წარმატების უფრო მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე - საქართველოში. და მაინც - საქართველოზე მეტად მაინც არაფერი მიყვარს მთელ დედამიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ცხოვრება ჩემთვის ძალიან კომფორტულია, მაინც.

- მოგვიყევით საქართველოში თქვენი ცხოვრების შესახებ...

- დავიბადე და გავიზარდე საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში - მარტვილში. არაჩვეულებრივი, ლაღი და საინტერესო ბავშვობა მქონდა. ვიზრდებოდი ბებოსთან, რომელმაც დიდი სიყვარულით და სითბოთი გამზარდა.

- როგორია თქვენი ერთი ამერიკული დღე?

- ჩემი დღე დილის ექვს საათზე იწყება: დილის რუტინის შემდეგ, მივდივარ სავარჯიშო დარბაზში, შემდეგ იწყება საქმე - ვიკრიბებით ჩემი გუნდის წევრები და ვგეგმავთ გადაღებებს. ეს ერთი შეხედვით თითქოს მარტივი პროცესია, თუმცა საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და შრომას მოითხოვს. გადასაღები ადგილების შერჩევა, ვიზუალი, სამოსი, გარემო, უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი. დროს ისე ვანაწილებ, რომ არც საქმეს ვაკლდები და არც ოჯახს. ჩემი პირადი ცხოვრების მთავარი მოქმედი პირები არიან: მეუღლე, შვილი და ორი ძაღლი. ოჯახი ჩემი საქმიანობის მთავარი მხარდამჭერი და მოტივატორია.

- ამბობთ, ბლოგერობა ბუნებრივად დავიწყეო, მაგრამ ალბათ, იყო ინსპირაცია, რამაც პოპულარულ ბლოგერად გაქციათ...

- ჩემი ბლოგი ერთგვარი გამოძახილია იმისა, რასაც მე რეალურად ვსაქმიანობ, იცით, ყოველთვის ეს იყო ჩემი ინტერესის სფერო. ბავშვობიდან მოდის სამყარო მაინტერესებდა - დიზაინერები, კოლექციები, მოდელები, სამოსი და ყველა ის საკითხი, რაც მგონი ნებისმიერ ქალს აინტერესებს და მეტიც - აბედნიერებს. ამ თემებით იმდენად ვარ გატაცებული, რომ ჩემი ძირითადი საქმიანობაც ეს გახდა. 
ამერიკაში გავიცანი სხვადასხვა კომპანიების,მაღაზიებისა და ქსელების წარმომადგენლები, რომლებთანაც ვთანამშრომლობ. გვაქვს სარეკლამო გადაღებები და ა.შ.

- პირველი წარმატებული ბლოგი, რომელმაც ფოლოუერების დიდი ინტერესი გამოიწვია...

- ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა, სოციალურ ქსელში ჩემი ფოტოები განვათავსე, მინდოდა ჩემი სტილი, გემოვნება და ინტერესები სხვებისთვისაც გამეზიარებინა. პირველივე აქტივობას მოყვა თბილი კომენტარები და გამოხმაურება. ქალბატონები რჩევებს მეკითხებოდნენ და მეც ამ ყველაფერს შევყევი... ამან მიბიძგა, ჩემი ბლოგი უფრო დამეხვეწა და გამემრავალფეროვნებინა.

- რას ურჩევს ცნობილი ბლოგერი მოდის ტენდენციით დაინტერესებულებს მიმდინარე წელს?

- სწორედ ეს არის ჩემი ბლოგის მიზანიც. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ეს სფერო მაინტერესებს, ჩემი სტილის პოვნისთვის რაღაც დრო თავადაც დამჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, უპასუხოდ არასდროს არავის ვტოვებ. აბსოლუტურად ყველა ქალბატონს ვცდილობ დავეხმარო, მივცე რჩევები. ჩემს ბლოგს იცით რა უპირატესობა აქვს? ჩემი ფოლოვერები, რომელთა უმრავლესობასაც პირადად არ ვიცნობ, ჩემი მეგობრები არიან. ვიღაცას მოვეწონე, თბილი სიტყვები არ დაიშურა და თავისი ძვირფასი დრო დამითმო, ამას უყურადღებოდ როგორ დავტოვებ?! არასდროს.

- როგორ მიგიღოთ ამერიკელმა კოლეგებმა, ცნობილმა ბლოგერებმა და ამერიკულმა მოდის სამყარომ?

- ამერიკაში, კონკრეტულად ნიუ-იორკში სამოდელო საქმიანობაში ჩართული ბევრი წამყვანი სპეციალისტი ჩემი გამომწერი გახდა, ბევრიც სხვადასხვა სფეროებში წარმატებული ადამიანები არიან, ასე კონკრეტულად პიროვნებების დასახელება ალბათ, უხერხული იქნება...

- ვიცით, რომ ქველმოქმედებით ხართ დაკავებული...



- ქველმოქმედება ხმამაღალი ნათქვამია, თანაც ხომ გაგიგიათ, "შენმა მარჯვენამ არ იცოდეს, მარცხენა რას აკეთებსო". ამიტომაც კონკრეტულად არაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ადამიანების მორალური თუ ფინანსური მხარდაჭერა ზუსტად ისეთივე სიამოვნებას მანიჭებს, როგორსაც - ჩემი საქმიანობა.

- გაგვიმხილეთ თქვენი სამომავლო გეგმები...

- ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. უახლოეს მომავალში სასიამოვნო სიახლეებს ველოდები. ეს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე არსებულ ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოს უკავშირდება, თუმცა ჯერჯერობით დეტალებს ვერ გავამხელ.

- რას ურჩევდით დამწყებ ბლოგერებსა თუ ინფლუენსერბს?

- დამწყებ ინფლუენსერებს იმავეს ვურჩევ, რასაც საკუთარ თავს - იშრომონ, იშრომონ და არასდროს გაჩერდნენ, შრომა ყოველთვის ფასდება.