„დღეს გავიგე ეს მაგარი ამბავი...“ - რას წერს ავთო აბესლამიძე
1792695600
2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით თბილისში ბუნებრივი აირის უსაფრთხოების წესების დარღვევა 13 553 აბონენტთან გამოვლინდა. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ამ პერიოდში დედაქალაქის მასშტაბით სულ 252 558 აბონენტი შემოწმდა. ბუნებრივი აირის არასწორი მოხმარების შედეგად ნახშირჟანგით (CO) 32 ადამიანი მოიწამლა, ინტოქსიკაციისა და აფეთქების შემთხვევების შედეგად კი ორი მოქალაქე გარდაიცვალა.
გათბობის სეზონის მოახლოებასთან ერთად გაზის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები იზრდება. უსაფრთხოების წესების დაცვის მნიშვნელობაზე გადაცემაში „იმედის დილა“ „თბილისი ენერჯის“ მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მელანო მაისურაძემ და გაზიფიკაციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ბალავაძემ ისაუბრეს.
კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სახიფათო დარღვევა ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლების არასწორი მონტაჟი და გამოყენებაა. ასეთი მოწყობილობები წვისთვის საჭირო ჟანგბადს უშუალოდ საცხოვრებელი სივრციდან იღებს. არასაკმარისი ჰაერის მიწოდების შემთხვევაში კი შესაძლოა არასრული წვა დაიწყოს და გამოიყოს ნახშირჟანგი — უსუნო და უფერო აირი, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია.
დავით ბალავაძის განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა საცხოვრებელ ფართებსა და სველ წერტილებში დამონტაჟებული გაზის დანადგარები, ასევე შემთხვევები, როდესაც გამწოვი მილი სათანადოდ არ არის გაყვანილი გარეთ და ნამწვი აირები შენობაში გროვდება.
მისივე თქმით, დარღვევების შედარებით მაღალი მაჩვენებელი გლდანი-ნაძალადევის, ვარკეთილის, სამგორისა და ისანი-ვაზისუბნის რაიონებში დაფიქსირდა. აღნიშნულ ტერიტორიებზე გამოვლენილი დარღვევების დიდი წილი მოდის, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ დარღვევების რაოდენობა ფატალური შემთხვევების სტატისტიკას პირდაპირ არ შეესაბამება.
„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, გაზის დანადგარების მონტაჟი მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტებს მიანდონ და არ ენდონ არაპროფესიონალების რჩევებს. მათივე განმარტებით, ის ფაქტი, რომ მოწყობილობა წლების განმავლობაში მუშაობდა და უბედური შემთხვევა არ მომხდარა, უსაფრთხოების გარანტიას არ წარმოადგენს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნაქირავებ ან ახლად შეძენილ ბინებსაც. მელანო მაისურაძის განცხადებით, ასეთ შემთხვევებში სასურველია, მესაკუთრეს გაზის ქსელის ბოლო შემოწმების აქტი მოსთხოვოთ. კომპანია აბონენტების ფართებს გეგმურად წელიწადში ერთხელ ამოწმებს, თუმცა ბოლო შემოწმების შემდეგ შესაძლოა ქსელში თვითნებური ჩარევა განხორციელებულიყო. საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ხელახალი შემოწმება მოითხოვოს.
თუ შემოწმებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოვლინდა და რეკომენდაციები არ შესრულდა, შესაძლოა ბუნებრივი აირის მიწოდება მთლიანად შეწყდეს ან გაზი კონკრეტულ სახიფათო დანადგარს გაეთიშოს.
კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ბუნებრივი აირის უსაფრთხოდ მოხმარებისთვის მნიშვნელოვანია შიდა ქსელის სათანადო პროექტირება და მონტაჟი. გაზიფიკაციის სამუშაოები შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების დაცვით უნდა შესრულდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული როგორც ნახშირჟანგით მოწამვლის, ისე აფეთქების საფრთხე.
რა უნდა გააკეთოთ გაზის სუნის აღმოჩენის შემთხვევაში?
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ბუნებრივი აირის სუნის ან შესაძლო საფრთხის აღმოჩენისას მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე — 114.
თუ საჭიროა ტექნიკური კონსულტაცია ან სხვა არასასწრაფო მომსახურება, შესაძლებელია ცხელ ხაზზე დაკავშირება ნომერზე 2 40 40 04.
გაზის სუნის აღმოჩენისას არ აანთოთ ცეცხლი, არ ჩართოთ ან გამორთოთ ელექტრომოწყობილობები და, თუ ამის გაკეთება უსაფრთხოდ შეგიძლიათ, დატოვეთ შენობა. საფრთხის არსებობისას ნუ შეეცდებით დანადგარის დამოუკიდებლად შეკეთებას — მიმართეთ შესაბამის სპეციალისტებს.
კომპანიის წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, გათბობის სეზონის დაწყებამდე შეამოწმონ გაზის დანადგარები და უსაფრთხოების წესები ზედმიწევნით დაიცვან, რადგან გაუმართავი მოწყობილობის ან არასწორი მონტაჟის შედეგად საფრთხე არა მხოლოდ კონკრეტულ ოჯახს, არამედ მეზობლებსაც შეიძლება დაემუქროს.