ახალი დეტალები მეტროში მომხდარ ტრაგედიაზე - მოსამართლე, დღეს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

ლაშა

მეტროსადგურში 30 წლის ახალგაზრდას ერთ-ერთმა მგზავრმა ბექა მინდორაშვილმა, მოულოდნელად ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო. 

დანაშაული მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ამირეზაშვილი ბაქანზე იდგა და მატარებელს ელოდებოდა. მოულოდნელად, მასთან უცნობი პირი მივიდა და ხელი ჰკრა. მგზავრები ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა ამირეზაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავების ღონისძიება "კურიერმა" გადაიღო. პოლიციამ მამაკაცი მეტროსადგურიდან ხელბორკილებით გამოიყვანა.

ლაშა ამირეზაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 36 წლის ბექა მინდიაშვილია დაკავებული. ის ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. მას ადვოკატი უკვე შეხვდა.

ლაშა ამირეზაშვილის ცხედარი გუშინ, გვიან ღამით, ექსპერტიზაზე გადაასვენეს, დღეს კი ახალგაზრდა მამაკაცს მშობლიურ სოფელში გლოვობენ.

რა გახდა დანაშაულის მოტივი, ჯერ უცნობია. არ არის გამორიცხული, სასამართლოში, მკვლელობის ვერსიაზე თავად ბექა მინდიაშვილმა ისაუბროს.

დღეს, მოსამართლე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.