1728589908
ახალდაქორწინებულმა ქალმა „სასწრაფო“ და პატრული ქმრის უყურადღებობის გამო გამოიძახა
„პირველი იანვრის დილა გათენდა, სასოწარკვეთილი დიასახლისების, ნირწამხდარი მამასახლისების, დენთშერეული ტოლმის სუნის ფონზე. ახლა უნდა ვინატროთ, რომ სუნი და გემო ვიგრძნოთ. 17 წლის განმავლობაში სახლში იმდენჯერ არ შევხვედრივარ, რამდენჯერაც სამსახურში“, - გვიყვება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, მაია ქურდაძე.
„წინა წლებში პიროტექნიკით დაზიანებების ხშირი შემთხვა იყო. 12 საათი რომ ხდებოდა, ვიცოდით, გამოძახებები პიროტექნიკაზე იწყებოდა. წელს იგრძნობა, რომ ეს შემცირებულია. ძირითადად, ალკოჰოლურ ინტოქსიკაციების შემთხვევებია.
მეჩვიდმეტე წელია, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში ვმუშაობ. ჩვენს სამსახურს ხუმრობით „ყველაზე რეიტინგული სახალხო პროექტი“ შევარქვი. წლები გადის და აღარ მეგონა, მორიგეობების პროცესში თუ რამე ახალი, განსაკუთრებული და საკვირველი შეიძლებოდა მომხდარიყო. სამედიცინო მიგნებები და ადამიანური ურთიერთობები ამოუწურვადია“, - ამბობს ექიმი.
მაია ქურდაძე „პრაიმტაიმის“ მკითხველს ყველაზე დასამახსოვრებელ, ღიმილის მომგვრელ თუ უცნაურ ისტორიებს უყვება.
„82 წლის ბაბუ გვყავდა, რომლის ოჯახის 7 წევრს კოვიდინფექცია ჰქონდა. ბაბუ ამბობდა, რომ 3-დღიანი ვირუსი ჰქონდა. კლინიკაში გადაყვანისას ვირუსი დაუდასტურდა, მან დღემდე იცის, რომ 3-დღიანი ვირუსი 5 დღე და ცოტა მეტი გაუგრძელდა, ეს მის გამოჯანმრთელებას ძალიან დაეხმარება.
შარშან, 31 დეკემბერს ჩემი მეწყვილის გარეშე მომიწია მისამართზე მისვლა, რადგან უმცროსი ექიმი კოვიდსასტუმროში იყო. ოჯახში კოვიდინფიცირებული მამა და 4 წლის შვილი დამხვდა, დედა კოვიდ-სასტუმროში იყო. ბავშვი გავსინჯე, მისი ყველა პარამეტრი შევაფასე. საუბრის შემდეგ მამა შვილს ეუბნება: „მამიკო, რა კარგი დეიდაა, ხომ არ დავიტოვოთო?!“. გამეცინა, ეს კარგი დეიდა სხვა ბავშვებსაც სჭირდება-მეთქი, დავემშვიდობე და წამოვედი.
სიკეთეზე მინდა გითხრათ - წინასაახალწლო დღეებში 23 წლის უცხოელი გოგონა გვყავდა, მწვავე ფსიქოზით. დასთან ერთად ქუჩაში იყო, კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე დავამყარეთ. თუმცა, ყველაზე დიდი ენა ჩვენ შორის იყო სიკეთის. გოგონას, რომელსაც სამი დღე არ ჰქონდა ნაჭამი და მხოლოდ ჩაიზე იყო, ჩვენი მიწოდებული ყველი და პური მიირთვა, წყალი დალია და ეს ყველაფერი ხდებოდა იმ პერიოდში, სანამ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხერხდებოდა. მანქანაში გავათბეთ, მოვეფერეთ, ამბობდა, რომ ალაჰი იყო, ხან მას ესაუბრებოდა.
რომ მივიყვანეთ კლინიკაში, ფსიქიატრმა ჩათვალა, რომ ეს იყო მწვავე ფსიქოზი, თუმცა გოგონა ალაჰი აღარ იყო და უკვე ამბობდა, რომ იყო სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტი და ჩვენი მომავალი კოლეგა. ეს ჩემთვის დიდი პოზიტივი და მოტივაცია იყო.
ერთხელ ახალშეუღლბულმა წყვილმა გამოგვიძახა, საპატრულო ეკიპაჟთან ერთად მივედით, რადგან ინციდენტის ტიპი იყო ოჯახური კონფლიქტი, ძალადობა. ძალიან სწრაფად მივედით, დაგვხვდა ნაწყენი ქალბატონი. ამბობდა, რომ სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლე ისე არ ჩაეხუტა და მოიკითხა, როგორც წინა დღეებში. მას ავუხსენით, რომ პანდემიაა, საჭიროა სოციალური დისტანცია, ჰიგიენის წესების დაცვა, ავუხსენით რეგულაციები, ყურადღებით აღიქვა ეს ყველაფერი და შეგვპირდა, რომ სხვა დროს მსგავსი მიზეზით „საგანგებო სიტუაციებს“ აღარ შეგვაწუხებდა. არასერიოზული კონფლიქტი უცბად განვტვირთეთ.
გვაქვს პრე-სანტა და პოსტ-სანტა პერიოდები. ორი ნასვამი ძმაკაცი იყო სკვერში, მისამართი არასწორად მიუთითეს და მოვძებნეთ. ორივე ნახევრად სავსე არყის ბოთლით დაგვხვდა. ერთი ჩვენი ნაცნობი ალკოჰოლიკი მამაკაცი იყო, რომელმაც თავისი მეგობარი გაგვაცნო და გვითხრა: აი, ის „მოსახოდი“ წამალი რომ გაქვთ, იქნებ გაუკეთოთ ვენაში, მე რომ „ვიხოდები“ ხოლმეო. რა თქმა უნდა, პირველადი დახმარება გავუწიეთ. კლინიკაში არ გამოგვყვა, სკვერში დარჩა და სუფთა ჰაერზე სასმლის სმა განაგრძო.
შარშან გამოძახებაზე მივედით, სადაც ახალგაზრდა მამაკაცს პიროტექნიკით თვალი ჰქონდა დაზიანებული. საბედნიეროდ, მისი თვალის შენარჩუნება მოხერხდა. ოფთალმოლოგმა გვითხრა, რომ იმ წუთის გამოსული იყო საოპერაციოდან: რაიონიდან ჩამოყვანილ 25 წლის ბიჭს არ გაუმართლა, მან თვალი დაკარგა. ამაზე საშინელი შოკი გვქონდა“, - უთხრა „პრაიმტაიმს“ მაია ქურდაძემ.