11-მილიონიანი ავანსის საქმე – სასამართლომ ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე პატიმრობაში დატოვა

კობა გაბუნია

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმრობაში რჩება. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. კობა გაბუნიას ინტერესების დამცველები მის 400 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

საკუთარ პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც. გაბუნიამ აღნიშნა, რომ მატერიალურ სარგებელზე არასდროს უფიქრია, თუმცა არც ის გამორიცხა, რომ მუშაობის პროცესში რაღაც გამორჩა.

99-ტომიან საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითებს სახელმწიფო ბრალდება. გამოძიების ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სამსახურებრივი უფლება ბოროტად გამოიყენა და შპს "ლაგი კაპიტალს" საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის 11 მილიონ ლარზე მეტი ავანსის სახით ჩაურიცხა. პროკურორის განცხადებით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა კარგად იცოდა, რომ კომპანიას არც მანამდე აღებული თანხა ჰქონდა მიზნობრივად დახარჯული და ამის გაკეთებას არც მომავალში აპირებდა.

ე.წ. ბაღების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პირველი, ვინც ამ საქმის ფარგლებში დააკავეს, "ლაგი კაპიტალის" ხელმძღვანელი პირები იყვნენ, რომლებსაც გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სამი წლის წინ 11 ტენდერში გაიმარჯვეს, თუმცა ვალდებულება არ შეასრულეს – რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს 30 ბაღს და სახელმწიფოს კუთვნილ 9 მილიონ ლარზე მეტს მოტყუებით დაეუფლნენ.

გამოძიება მიმდინარეობს რეგიონული განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, დავით ტაბიძის, ფონდის პროგრამისა და პროექტების მენეჯერების წინააღმდეგაც. მათ გამოძიებასთან ითანამშრომლეს და საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვეს.

ამავე საქმის ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე სხვა პირებიც გამოიკვეთონ. მიუხედავად ამისა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ არსებობს ბევრი კითხვა.

კანონის წინაშე ყველა თანასწორია - მმართველი გუნდის ლიდერები კორუფციის წინააღმდეგ მთავრობის ამბიციურ მიზნებზე საუბრობენ, ამ მიზნების რეალობად ქცევის მთავარ ბერკეტად კი მკაცრ პოლიტიკას ასახელებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოდან ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კობა გაბუნიას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.