პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რეპროდუქტოლოგ მანანა ქოჩიაშვილს ბევრი ქალი იცნობს, განსაკუთრებით ისინი, ვინც დედობაზე ოცნებობს და ამისთვის ინ ვიტრო განაყოფიერება (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება) სჭირდება.
გულისხმიერ “ჯადოქარს” ისრაელიდან და თურქეთიდანაც აკითხავენ უშვილო დედები…
სადაც მუშაობს, ყველგან თავისი ერთგული პაციენტების ამალა დაჰყვება. რამდენიმე წელია “კარაფს მედლაინის” ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ხელმძღვანელია და მალე მეცნიერების დოქტორის ხარისხს დაიცავს.
ქალბატონ მანანაზე უკრაინელი მხატვრის, ევგენია გაფჩინსკას ტილოები მახსენდება, თავგადასავლებში მყოფი, ვარდისფერლოყებიანი გემრიელი და კეთილსახიანი ანგელოზი-ბავშვები… თავისი აურით ისეთივე ჯადოსნური და ინფანტილურად სუფთაა.
მოკლედ, ზღვა პაციენტები კი ჰყავს, მაგრამ ცოტას თუ გეცოდინებათ, ამ მარგალიტების მძივებისა და ვარდისფერი სათვალის მიღმა, როგორი დრამების მატარებელი მებრძოლი ქალი იმალება.
სანდომიანი და კეთილი ფერია, რომელიც ღმერთის სურვილით ქალებს შვილებს ჩუქნის, “პრაიმტაიმის” მკითხველს თავის ცხოვრებისეულ განსაცდელებზე უყვება.
მანანა ქოჩიაშვილი: – 2005 წლის 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს, დამეჯახა მანქანა და ცხოვრება შემეცვალა. ახალგაზრდა ქალი ჩავჯექი ხეიბრის სავარძელში.
ექიმები მეუბნებოდნენ, ფეხზე ვერასდროს გაივლიო. მე კი თავს ვარწმუნებდი, რომ მდგომარეობიდან აუცილებლად გამოვიდოდი. ძლიერ რეაბილიტოლოგებთან დავდიოდი. ფეხში მგრძნობელობა არ მქონდა. თავს შემოვუძახე, რომ ჩემი ავად ყოფნა არ შეიძლებოდა. ჩამიტარდა ოპერაციები, გავიდა ორი წელი და ერთხელაც, ოჯახის წევრები დავსვი და გავიარე ფეხით, რომელშიც მგრძნობელობა არ მქონდა. დავიწყე ადამიანური ცხოვრება და… დავორსულდი! 42 წლის ასაკში მეოთხე შვილზე!
მივხვდი, მე იმიტომ გადავრჩი, რომ კიდევ დედა უნდა გავმხდარიყავი. თან ისეთ დღეს მოხდა ეს ავარია…
იმ დროს ვაჟი 20 წლის იყო, ქალიშვილები – ერთი 18 წლის, მეორე – 16 წლის.
მირეკავდნენ მეგობრები, ახლობლები და მეუბნებოდნენ, მანანა, ხომ იცი, ახლა შენთვის (ანტიბიოტიკებზე ვიყავი) შვილის გაჩენა სიგიჟეაო.
ოჯახის წევრების გარდა, მეგობარი ნინო დოლიძე (ნინოს დედას ეუბნებოდნენ, შვილს თუ გააჩენ, გარდაიცვლებიო. მაინც გააჩინა ნინო და გარდაიცვალა.) იყო ერთადერთი, რომელმაც მითხრა, მანანა, ხომ იცი, ჩემს დაბადებას დედაჩემის სიკვდილი დასჭირდა. არ იფიქრო შვილის მოშორებაზე. შენ უფალმა იმხელა განსაცდელი გამოგატარა და ახლა გამოცდის წინაშე დაგაყენა. შენ თუ შვილს მოიშორებ, წინ უარესი გელოდება. გაჩენის შემთხვევაში წინ სიკეთეს ელოდეო. მაშინ ცხელ გულზე ვუთხარი, თუ გოგო გაჩნდება, ნინოს დავარქმევ-მეთქი. ჩემს მეოთხე შვილს ჰქვია ნინო!
ნინოზე ორსულობის დროს მე გამოვჯანმრთელდი. გადავაგდე ჯოხი.
მე ამ ფეხით დღეს ვმართავ საჭეს, ამერიკაში შტატიდან შტატში გადავდივარ.
42 წლის ასაკში გავხდი დედა, როცა მე ამ ასაკის პაციენტების დაორსულება მიჭირს. როგორც ჩანს, ერთი ბრჭყვიალა კვერცხუჯრედი ამისთვის მელოდებოდა. თანაც ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე.
გარდა ამისა, აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი კარიერა. მანამდე ათი წელი ვაკეთებდი აბორტს. ეკლესიაში რომ შევდიოდი, მეგონა, ყველამ იცოდა ჩემი საშინელი საქმიანობის შესახებ. თავს საშინლად ცოდვილად ვგრძნობდი. რომ მოგეკალი, რელიგიურ დღესასწაულზე აბორტს ვერ გავაკეთებდი.
ეს იყო საქმე, რომელიც მე არ უნდა მეკეთებინა. მაშინ ისეთ სიტუაციაში ჩავვარდი, დირექტორი შემოვიდა და მითხრა, აბორტს თუ არ გააკეთებ, წადი კლინიკიდანო. მეზიზღებოდა ეს საქმე, მაგრამ ვაკეთებდი იმიტომ, რომ მემუშავა. ეს ცალკე თემაა.
იქ მომუშავე აბორტმახერებს, ვიცოდი, ზოგს შვილი ჰყავდა მკვდარი, ზოგს – შვილიშვილი. და მათი შემყურე, ღმერთს სულ შევთხოვდი, ოღონდ ჩემს შვილებს არ მოუვლინო განსაცდელი და მე მომივლინე-მეთქი.
ამის შემდეგ იყო ჩემი ავარია… ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს.
მერაბს ვეუბნებოდი, გახსოვს, უფალმა როგორ ისმინა ჩემი ის ლოცვა. კიდევ კარგი, ღმერთმა, მე მომივლინა განსაცდელი და არა ბავშვებს, რომლებიც ავარიის დროს მანქანაში მესხდნენ-მეთქი… სულ ამას ვამბობდით, "კიდევ კარგი", "კიდევ კარგი"…
შემდეგ რეპროდუქტოლოგმა რამაზ ჩარექიშვილმა დამირეკა, შენთან ერთად მინდა მუშაობაო. მოვხვდი უშვილობასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდში. და მივხვდი, რომ ეს იყო საქმე, რომელიც მე უნდა მეკეთებინა და ქალები დედობით გამეხარებინა.
ძალიან ვნერვიულობდი, დამეწყო თუ არა ხელოვნურად განაყოფიერებაზე მუშაობა. ვფიქრობდი, ეს ხომ არ იყო ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა.
ერთ დღეს, რაღაც პროცედურა გავაკეთე და სინდისის ქენჯნამ შემაწუხა. მივედი სამების საკათედრო ტაძარში, საღამოს საათებში და არა ჩემს მოძღვართან, არამედ, „ნებისმიერ“, „შემთხვევით“ შემხვედრ სასულიერო პირთან და ვკითხე, შემეძლო თუ არა მე ამის გაკეთება.
უარყოფითი შედეგი არ გქონიაო? კი-მეთქი. და როცა დადებით შედეგს იღებ, შენს თავს აწერ? გულისცემა რომ იწყება, ეს უბრალოდ შენი ხელით ხდება, თორემ უფლისგან არისო. პრაქტიკამ მიჩვენა, რომ ასეც არის. ზოგი წლობით ცდილობს ხელოვნური განაყოფიერებით დაორსულებას და ვერ აღწევს, ვიღაც “შემოისეირნებს” და 20 დღეში ორსულად გადის კლინიკიდან.
მე რომ ხუთი წლის წინ ონკოლოგიურ დაავადებას ვებრძოდი, იმ დროს, დიდი სამების მღვდელი ტელეფონით მესაუბრებოდა: ჩემ 23 წლის რძალს მილები არ აქვს და ინ ვიტროს გარეშე შვილს ვერ გააჩენს. მრევლმა თქვენს შესახებ მითხრა და ვიცი, ახლა განსაცდელში ხართ, მე ვილოცებ თქვენზეო.
კვირაში ერთხელ, მოდიოდა ჩემთან ფოფოდია და ამ მოძღვარს ტელეფონით მასაუბრებდა. შენთვის ვლოცულობო, მიმეორებდა. შენ ბევრს აჩუქე შვილიო და მოკლედ, ერთხელ რძალი გამომიგზავნა. ულამაზესი გოგო, გავოგნდი.
კლინიკის დირექტორს ვუთხარი, საკვერცხის ნაწილი აქვს დარჩენილი, არ ვიცი, რა გამოვა, თუ დაორსულდება, იმ შემთხვევაში გადავახდევინოთ-მეთქი. (არც დაორსულების შემდეგ გადავახდევინეთ).
პატარა საკვერცხიდან ორად ორი კვერცხუჯრედი მივიღე და ერთადერთი ემბრიონით ბავშვი გაჩნდა! ახლა კიდევ ერთი ინ ვიტროს გაკეთება უნდა.
ერთ დღეს სამი ემბრიოტრანსფერი მქონდა. ფეხის მდგომარეობა გამიმწვავდა, კლინიკაში გადამიყვანეს, პროცედურა ჩამიტარდა. ჩემი თანაშემწე მზად იყო ჩემს ნაცვლად მომსახურებოდა, მაგრამ უარი თქვეს პაციენტებმა, ჩვენ მანანა ქოჩიაშვილთან მოვედით და მას დაველოდებითო. წამომიყვანეს ეტლით, თან აკუმულატორზე მიერთებული ვაკუმთერაპიის აპარატი მედგა. ამ მდგომარეობაში გავაკეთე სამი ემბრიოტრანსფერი და 12 დღეში გავიგე სამივეს ორსულობა!
მოკლედ, ასეთი განსაცდელებით სავსეა ცხოვრება. ჩვენი განსაცდელები თვითონვე უნდა გავიაროთ და ამით გავძლიერდეთ. ღმერთს მადლობა შევწიროთ მათი გამოგზავნისთვის და ნაჩუქარი ყოველი ახალი დღისთვის…