აბასთუმანში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული პროექტის „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა

აბასთუმან

აბასთუმანში, ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული პროექტის „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა კომისიის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, რომელმაც პროექტის მიზნებსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„პროექტი „გმირის დღე“ მოიცავს, როგორც საგანმანათლებლო, ასევე, კულტურულ კომპონენტებს და მიზნად ისახავს ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გავრცელებას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას ბავშვებსა და მოზარდებში. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ისტორიულ პირებს, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებულია კონკრეტულ რეგიონთან. საკუთარი ფესვების ცოდნა აძლიერებს სამშობლოს სიყვარულს და მის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

როგორ კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროექტი „გმირის დღე“ სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო.

ინიციატივა ეტაპობრივად გაგრძელდება და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.

პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, პროექტი აკავშირებს თაობებს და წარსულის გამოცდილებაზე დაფუძნებით აყალიბებს საფუძველს, რომელზეც მომავალი შენდება.

„გისურვებთ, რომ ეს პროექტი გახდეს თქვენი შთაგონების წყარო, რომ უკეთ შეიცნოთ ისტორია, განავითაროთ ღირებულებებზე დაფუძნებული ხედვა და იყოთ ისეთი მოქალაქეები, რომლითაც საქართველო იამაყებს,“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ახალგაზრდებს ისტორიული პირების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ესაუბრნენ.

ახალგაზრდებმა ასევე დაათვალიერეს ობსერვატორია და მოისმინეს ლექცია ევგენი ხარაძის შესახებ, რომლის სახელსაც უკავშირდება აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსება.