7 პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მათგან სამი ბავშვია - სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

სულხან თამაზაშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, კორპუსის ნანგრევებში 7 პირის ძებნა ამ დრომდე გრძელდება, ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევიან, მათ შორის არის 3 მცირეწლოვანი.

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის, კლინიკებში გადაყვანილია 4 პირი.

"ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამის დანაყოფი, კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მუნიციპალური დანაყოფები.

პროაქტიულად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები. 4 პირი გამოყვანილია და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მათგან ერთის მდგომარეობა, სამწუხაროდ, მძიმეა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი ყველა პირი არის კონტაქტური.

7 პირის სამაშველო ღონისძიების ფარგლებში, მიმდინარეობს მათი ადგილსამყოფლის დადგენა. უგზო-უკვლოდ არის 7 პირი დაკარგული, მათგან სამი ბავშვია.

ბუნებრივია, შემთხვევის ადგილზე ევაკუირებულია მოსახლეობა. აქტიურად ვაგრძელებთ სამაშველო ღონისძიებებს", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

✕