7 და 8 მარტს, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა - შსს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროში 7-8 მარტს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით გრძელდება. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები", - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, სწორედ, დაკავებულთა გათავისუფლება იყო.

7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა.