მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
მკვლელობა არაფრის გამო - ასე შეიძლება ვუწოდოთ ფაქტს, რომელსაც 43 წლის თემურ გოგიშვილი ემსხვერპლა. 2 შვილის მამა სასიკვდილოდ უცნობმა ადამიანებმა არასრულწლოვან შვილთან და ნათესავთან ერთად სცემეს. ის ადგილიდან ტვინის მძიმე დაზიანებით, უგონო მდგომარეობაში კლინიკაში წაიყვანეს - 29 დღიანი კომის შემდეგ კი გარდაიცვალა. “კურიერი პიესმა“ მძიმე დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერები მოიპოვა, კადრები, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან ახალგაზრდა კაცს და მის თანმხლებ ბავშვებს.
12 აგვისტო, სოფელი ორბეთი - თემურ გოგიშვილი 2 არასრულწლოვანთან, შვილთან და ნათესავთან ერთად, კიკეთიდან თონეთში, სტუმრად მიდის. გზად ორბეთში მაღაზიასთან ავტომობილს აჩერებს და პროდუქტს ყიდულობს. სალაროსთან მისული გოგიშვილი ამჩნევს, რომ მას აკვირდებიან, ამის შემდეგ უცნობ კაცთან საუბარს იწყებს.
გოგიშვილი, მისი თანმხლები არასრულწლოვნები და უცნობი კაცი, მარკეტს მშვიდი საუბრით ტოვებენ, საუბარი შენობის მიღმა გრძელდება. რამდენიმე წუთში, სიტყვიერი კამათი ჩანს. არასრულწლოვნები და ადგილზე მყოფი ერთი მამაკაცი ვითარების განმუხტვას ცდილობენ, თუმცა ჩხუბში მოულოდნელად სხვები ერთვებიან და თემურ გოგიშვილს გამეტებით ურტყამენ. ურტყამენ მამის დასაცავად მისულ არასრულწლოვნებსაც.
კაცი, რომელიც თემურ გოგიშვილს მარკეტიდან მიჰყვება, რაჟდენ სუბელიანია. ეს კი გიორგი ბექაური, მისი ნაცნობი ან მეგობარი, ის გოგიშვილს მოულოდნელად თავს ისე ესხმის, რომ ვითარებაში გარკვევასაც არ ცდილობს. მამაკაცს ცემით ძირს აგდებს და ამის შემდეგ ბავშვზე ძალადობს. ამ დროს, წაქცეული კაცი წამოდგომას ახერხებს, შვილის დასახსნელად მიდის, თუმცა ადგილზე კიდევ სხვა პირები ჩნდებიან. თავდამსხმელები კიდევ ერთხელ უსწორდებიან თემურ გოგიშვილსაც და მის თანმხლებ არასრულწლოვნებსაც. ჩხუბში ჩართული კიდევ ორი პირი ადგილობრივები - ოთარ სარდლიშვილი და ზვიად შამფრიანი არიან.
საბედისწერო ღამეს გონებადაკარგული თემურ გოგიშვილი სასწრაფომ ადგილიდან დაახლოებით 21 საათსა და 28 წუთზე თბილისში, კლინიკაში წაიყვანა. ჩატარდა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა ნაცემი კაცი 29 დღიანი კომიდან არ გამოსულა და გარდაიცვალა.
ამასობაში გამოძიებამ 4 დამნაშავის ვინაობა დაადგინა. სამი დააკავეს, ინციდენტის წამომწყები რაჟდენ სუბელიანი კი, რომელიც შემთხვევის ბოლომდე ადგილზე იყო, იმ დღის მერე არავის უნახავს. ზვიად შამფრიანს, ოთარ სარდლიშვილს და გიორგი ბქაურს კი, ხელბორკილი მომხდარიდან მალევე, გამოკითხვის შემდეგ დაადეს.
“კურიერი პიესმა“ გიორგი ბექაურის დაკავებამდე, მისი გამოკითხვის ოქმი მოიპოვა, სადაც ის მომხდარს დეტალურად აღწერს და არ მალავს, რომ თემურ გოგიშვილს პირველმა დაარტყა.
ეს აღიარება ახლა ძალაში აღარ არის. მას შემდეგ რაც ბრალდებულებს არასრულწლოვნებზე ძალადობის და თემურ გოგიშვილის სხეულის მძიმე დაზიანების ბრალი ჯგუფური მუხლით წარუდგინეს, გიორგი ბექაურმა დუმილი აირჩია.
საქმის კიდევ ერთი მონაწილე ოთარ სარდლიშვილიც დუმილს ირჩევს. ოთხი ფიგურანტიდან სამს შამფრიანის გარდა, ნაცემი კაცის გარდაცვალების შემდეგ, ბრალი დაუმძიმდათ.
რაც შეეხება რაჟდენ სუბელიანს, მასზე ძებნაა გამოცხადებული. კონფლიქტის წამომწყების ადვოკატმა კომენტარზე უარი გვითხრა. “კურიერი პიესმა“ გაარკვია, რომ მას საზღვარი ოფიციალურად არ გადაუკვეთავს, შესაბამისად სავარაუდოდ საქართველოში იმალება.
მარკეტში, სადაც ყველამ ყველაფერი იცის, “კურიერი პიესს“ არაფერი უთხრეს. ჩვენს მიერ მოპოვებული კადრებიც ამ სუპერმარკეტის კამერებმა გადაიღეს. დეტალებზე საუბარს ორბეთელებიც გაურბიან.
გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე, ჯერ უცნობია. გამოძიება გრძელდება და დეტალურად სწავლობს ვიდეოჩანაწერებსაც. უკვე არსებული მასალებით, პროკურორი ბრალდებულების გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.
სასჯელი, რომელიც ბრალდებული 4 პირიდან 3-ს ემუქრება 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმის განხილვა 22 ნოემბერს დაიწყება.