1731614151
35 ათასი ლარი ქველმოქმედებაში - ნაკლებად ცნობილი ფაქტები ამირან გამყრელიძის შესახებ
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჯარო მოხელე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძეა. საზოგადოებაში ის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მას ცნობილი თუ უცნობი ადამიანები მადლობას პროფესიონალიზმისთვის უხდიან.
საზოგადოებრივი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით „პრაიმტაიმი“ ამირან გამყრელიძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ერთ საინტერესო დეტალს გთავაზობთ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ბოლო ათწლეულებია სხვადასხვა ხელისუფლების დროს, სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. დეკლარაციაში ასახული ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, ამირან გამყრელიძე საჯარო მოხელეთა იმ მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომლის უძრავ-მოძრავი ქონება არც თუ ისე დიდია. მისი მეუღლე ცნობილი ჰემატოლოგი, მარინა კვეზერელია.
ამირან გამყრელიძესა და მის ცოლს თბილისში ორი საცხოვრებელი სახლი მემკვიდრეობით აქვთ მიღებული, ხოლო ერთი – საჩუქრის სახით.
გარდა ამისა, მარინა კვეზერელს 1989 წელს 1000 კვ. მ-ის ოდენობით სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ, როგორც საბაღე მიწის ნაკვეთი, გადაეცა, რომელზეც ცნობილმა წყვილმა აგარაკი მალევე ააშენა.
მათ საბანკო ანგარიშები სხვადასხვა ბანკებში აქვთ გახსნილი. გასავლის გრაფაში ამირან გამყრელიძე უთითებს, რომ ქველმოქმედების სახით, 35000 ლარი აქვს გაცემული.
2020 წელს ეს თანხა 20 000 ლარს შეადგენდა.
ქველმოქმედებას ეწევა მისი მეუღლეც, რომელმაც ამ წელს კეთილ საქმეს 12000 ლარი მოახმარა.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დაეხმარა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამირან გამყრელიძე წინააღმდეგია მსგავსი თემების შესახებ ისაუბროს.