„საბედისწერო აღმოჩნდა ერთ-ერთი სასტუმროს საცურაო აუზი...“ - 5 წლის გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა
1745998264
საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ნებისმიერი ადამიანისთვის პრიორიტეტია. ყველას სურს გამორჩეულად და დახვეწილად გამოიყურებოდეს. ამისათვის კი, შეიძლება უამრავი დრო და რესურსიც გავიღოთ. მართალია, ჩაცმა-დახურვა, პირველ რიგში, სოციალური ნორმაა, თუმცა ძალიან დიდი როლი, ასევე, სუნსაც ენიჭება, რისთვისაც უამრავი ადამიანი მისთვის შესაფერის სუნამოს ეძებს. სუნს შეუძლია ადამიანის ცნობიერებაზე გავლენის მოხდენა, სხვადასხვა ასოციაციის გამოწვევა, დადებითი ან უარყოფითი შთაბეჭდილება და მოგონებების გაღვიძება. სურნელი ძლიერი იარაღია ჭკვიანი ადამიანის ხელში. თავად დიდებული კოკო შანელის სიტყვებია: ”სუნამო უხილავი, მაგრამ დაუვიწყარი მოდური აქსესუარია, რომელიც ქალის მოახლოებას გვამცნობს, ხოლო მისი წასვლისას, მის შესახებ მოგონებას გვიტოვებს“.
სუნამოს ისტორია
პირველი სუნამო ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე შეიქმნა და თავიდანვე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. მას ძველ ეგვიპტეში ფარაონები ხშირად იყენებდნენ, ხოლო ლეგენდებში აღწერილია, როგორ აპკურებდა კლეოპატრა სუნამოებს გემების იალქნებს, რათა ყველას გაეგო მისი მოახლოება. სუნამოებით მოჯადოებული ძველი ბერძნები ღმერთების არსებობას იჯერებდნენ და ფიქრობდნენ, რომ თავად ისინი ქმნიდნენ დიდებულ სუნებს, ხოლო ღმერთისა თუ ქალღმერთის დედამიწაზე მოვლინებას თან შესაბამის არომატი სდევდა. სუნამოები ფართოდ იყო გავრცელებული და დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა რომის იმპერიასა და სპარსეთში. ისინი თანდათან მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
თანამედროვე სამყარო და სურნელი
თანამედროვეობაში ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს საკუთარ სუნს, რომელიც სხვებს მის თავს გაახსენებს და მისი პიროვნების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ მამაკაცი, სუნამოს ყველასათვის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ცხოვრებაში და ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ხშირად, ადამიანები სუნამოებს სხვადასხვა გარემოების მიხედვით არჩევენ, თუმცა ყველას აქვს თავისი ფავორიტი, რომლის მიპკურებაც არასდროს მობეზრდებათ. სუნი ადამიანის ხასიათს, ინდივიდუალურ მახასიათებლებს და სურვილებს უსვამს ხაზს, ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია მისი არჩევა. ასეთ დროს, აჯობებს თუ სხვადასხვა სუნებს ყოველდღიურობასა და განსაკუთრებულ მომენტებში მოსინჯავთ. შეიძინეთ სუნამო მცირედი მოცულობით და ცვალეთ ეტაპობრივად იქამდე, სანამ თქვენს სუნს არ იპოვით.
მართალია, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შეიძლება სხვადასხვა სუნამო მოსწონდეთ, თუმცა არსებობს ქალის სუნამოები, რომლებმაც დროს გაუძლო და დღესაც განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევიან.
Chanel №5
უდაოდ ლეგენდარული სუნამო, რომელიც დღესაც ყველაზე მოთხოვნადია. კოკო შანელი თავდაპირველად სუნამოს შექმნაზე არ ფიქრობდა, მეტიც, არ მოსწონდა იმდროინდელი სუნები და ფიქრობდა, რომ ახლად დაბანილი სხეულის სუნი საუკეთესო იყო, თუმცა ერთ-ერთმა პარფიუმერმა მაინც შეძლო მისი დარწმუნება, რომელმაც 10 განსხვავებული სუნი შესთავაზა, საიდანაც კოკო შანელის ყურადღება მხოლოდ მეხუთე არომატმა მიიპყრო, საიდანაც მოდის მისი სახელი. როგორც ცნობილია, ამ არომატის შექმნისას პარფიუმერს დოზები შეეშალა, რაც დიდებული ისტორიის დასაწყისი გახდა.
L’air Du Temps By NINA RICCI
1948 წელს შექმნილი სუნამო საკულტოდაა ცნობილი, რომელში 30-ზე მეტი სხვადასხვა ინგრედიენტია გამოყენებული და მსუბუქ, ყვავილოვან, უდარდელ სურნელს ქმნის. მისი შექმნის მიზანიც სწორედ ეს იყო, ნინა რიჩის ვაჟი, - რობერტი, ოცნებობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისეთი არომატი შეექმნა, რომელიც ქალს ხალისის, სიხარულის, უდარდელობის და სიმშვიდის განწყობას შექმნიდა.
J’adore by Dior
სუნამო წარმოადგენს ორი გასაოცარი სურნელის სრულყოფილ შერწყმას - ვარდი და ბერგამოტი - ჟასმინის საწოლზე. J’adore-ს შეუძლია ჰქონდეს სხვადასხვაგვარი ხასიათი, თუმცა აგრესიულობას მკაცრად გამორიცხავს. ეს ის სუნია, რომელსაც შეუძლია ადამიანისთვის ზოგჯერ მომაბეზრებელი იყოს, თუმცა არასოდეს, არავითარ შემთხვევაში იქნება ზედმეტი და არავის დატოვებს გულგრილს.