სიონი პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი არ იქნება - მეუფე ნიკოლოზი
1774123553
240 ბავშვი ჩამოვიყვანეთ, უკვე აქ არიან და რეპეტიციას გადიან. ხვალ ისინი გააცილებენ მის უწმინდესობას, - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ „იმედის“ ეთერში სალოტბარო სკოლების მოსწავლეების შესახებ.
მან ასევე დაასახელა სხვა ანსამბლები და გუნდები, რომლებიც ხვალინდელ ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას.
„მადლიერების ნიშნად 240 ბავშვი ჩამოვიყვანეთ, უკვე აქ არიან და რეპეტიციას გადიან. ხვალ ისინი გააცილებენ მის უწმინდესობას, იგალობებენ ძალიან ძლიერ საგალობლებს. მათთან ერთად იგალობებენ ანსამბლები „ერისიონი“, „რუსთავი“, „ბასიანი“, „შვიდკაცა“, „მართვე“, გორის ქალა გუნდი, თბილისის კამერული ქალთა გუნდი, ფოლკლორის ცენტრის ახალგაზრდული გუნდი, პატრიარქის ნათლულები, „მძლევარი“ - ღვაწლმოსილი ანსამბლები და ახალგაზრდული გუნდები გააცილებენ უწმინდესს“, - განაცხადა გიორგი დონაძემ.
მან ასევე გაიხსენა, როგორ დაიწყო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მუშაობა, რა დაავალა მას პატრიარქმა და როგორ მიმდინარეობს სალოტბარო სკოლების გახსნის პროცესი.
„როცა ჩემს გუნდთან ერთად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში დავიწყე მუშაობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უწმინდესთან მივედი, რომ კურთხევა მოეცა და დაველოცე. პირველი, რაც მითხრა, იყო, „იცოდე, შენ მთელ საქართველოში უნდა გაავრცელო ქართული გალობაო“. მას შემდეგ დავიწყეთ ყოველდღიური შრომა რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტროს, საქართველოს მთავრობის, ეკლესიის მხარდაჭერით.
ძალიან რთული პერიოდები გავიარეთ, 47 სკოლა გვაქვს გახსნილი, კიდევ ვაგრძელებთ ამ პროცესს. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით 2000 ბავშვი სწავლობს ქართულ ხალხურ სიმღერას სრულიად უსასყიდლოდ, პატრიარქის კურთხევით, მისი მფარველობის ქვეშ“, - აღნიშნა ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა.