„2025 იყო საუკეთესო ტურისტული წელი, რაც აქამდე გვქონია“ - Free Spirit Turs-ის წარმომადგენელი

ტურისტი

 საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866  ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.

ამ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ Free Spirit Turs-ის წარმომადგენელს ესაუბრა:

„2025 ჩვენთვის იყო ის წელი, სადაც არ იყო მხოლოდ სეზონური მუშაობა. იყო სტაბილური მუშაობა და ტურები. ასევე დავინახეთ, რომ შრომას მოაქვს შედეგი. ამ წელმა გვაჩვენა, რომ თვითონ ტურისტები იყვნენ კმაყოფილები, რამაც გამოიწვია ის, რომ წინა წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა მაჩვენებელი.

2025 წელს იყო საუკეთესო შედეგი, რაც აქამდე გვქონია. სტუმრებიც საკმაოდ კმაყოფილები იყვნენ. გვაყვდა ისეთი ტურისტებიც, რომლებიც საქართველოში რამდენჯერმე არიან ნამყოფები. წელს ტურისტები მხოლოდ ზაფხულში არ იყვნენ. როგორც ზაფხულში ვმუშაობთ, ისე ვმუშაობთ ახლაც“,- ამბობს მარიამ ტიგინაშვილი.

ცნობისთვის, გასულ წელს საქართველოში  7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.

2025 წელს  ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და  499,890 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით +14%-ით გაზრდილია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეკორდულად მაღალი ვიზიტები დაფიქსირდა  გაერთიანებული სამეფოდან (+39.1%; +12,646 ვიზიტი); საბერძნეთიდან (+28.2%; +7,765 ვიზიტი); საფრანგეთიდან (+17.4%; +4,917 ვიზიტი); იტალიიდან (+39.4%;  +7,840 ვიზიტი); ესპანეთიდან (+48.6%; +7,167 ვიზიტი).