„2012 წლამდე პატიმრების კვებაზე, დაახლოებით, 24 მილიონ ლარამდე იხარჯებოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი  67 მილიონ ლარზე ცოტა მეტს შეადგენს“ - გიორგი პატარიძე

პატარიძე

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ პოდკასტში „კონტრასტი“ პენიტენციურ სისტემაში კვების ხარისხის გაუმჯობესებასა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გაზრდილ ბიუჯეტზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, თუ 2012 წლამდე მსჯავრდებულთა კვებაზე წლიურად 24 მილიონ ლარამდე იხარჯებოდა, დღეს ეს თანხა 67 მილიონ ლარს აღემატება.

„იმავე კვებასთან დაკავშირებით შემიძლია, კონტრასტი ვაჩვენო და შედარება გავაკეთო იმ სამარცხვინო პროცესებთან, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში. კვების წლიური საშუალო ხარჯი ბიუჯეტს უჯდებოდა, დაახლოებით, 24 მილიონ ლარამდე, მაშინ, როდესაც დღევანდელი ხარჯი შედგენს 67 მილიონ ლარზე ცოტა მეტს. ეს არ არის უბრალოდ კალმით მოხაზული მენიუ-განრიგი, ეს არის ნუტრიციოლოგების მიერ შედგენილი მენიუ-განრიგი. შედეგად მივიღეთ როგორც დიეტური კვების ნაწილი, ისე ჩვეულებრივი ყოველდღიური. ასევე, ჩვენ გვყავს მსჯავრდებულები, რომლებიც არიან ქრონიკული დაავადებების მატარებლები, მათ სპეციფიკური კვება სჭირდებათ და მათთვისაც ცალკე კვება არის გამოყოფილი. აქვე კვებაზე უნდა აღვნიშნო ბოლო პერიოდში გახმაურებული ამბებიდან ცნობილი მსჯავრდებული ქალბატონი, რომელმაც განაცხდა, რომ არის ვეგანი და, შესაბამისად, ვეგანური კვება მოითხოვა. რა თქმა უნდა, მყისიერად მოხდა რეაგირება, როგორც თვითონ უწოდებენ „ჯოჯოხეთურ ციხეში“ და  დღეს ის სარგებლობს ვეგანური კვებით.  დღეს სწორედ აქ ვართ, რომ პენიტენციურ სისტემაში სერვისები თითოეული მსჯავრდებულის ინტერესზეა დამყარებული“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.

✕