11 საათზე ნაკლები საარჩევნო უბნების გახსნამდე - პრემიერმა და "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა, წინასაარჩევნო კამპანიის დასასრულს, შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს

არჩვენები

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა წინასაარჩევნო კამპანიის დასასრულს შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. ირაკლი კობახიძემ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

დღესვე, "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში, 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა.

მერობის 9 კანდიდატიდან ერთ-ერთი - "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ მესამედაც იზეიმებს გამარჯვებას. ამ რწმენას კი მისი შესრულებული საქმიანობა და 8 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები აძლევს. დღეს დედაქალაქის მერმა ახლად რეაბილიტირებული ისტორიული ვერის ბაღიდან ამომრჩეველს მიმართა და აღნიშნა, რომ სიყვარულს, რომელსაც თავის გუნდთან ერთად თბილისის წინაშე გრძნობს, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ქუჩების და უბნების სახელები ჰქვია, ასევე ყველა იმ განხორციელებული პროგრამის, პროექტისა და რეფორმის სახელი, რომელმაც, მისი თქმით, სასიკეთოდ შეცვალა თბილისი.

არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება - მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3061 სარჩევნო უბანი უკვე სრულად მზადაა. ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიაწოდა. გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე კომისიის საქმიანობა შეაჯამა და ყველა მონაწილე მხარეს მადლობა გადაუხადა. ცესკოს თავმჯდომარემ მოუწოდა ყველას, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ ხვალინდელი დღის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

3061 საარჩევნო უბნიდან 2284 უბანში კენჭისყრა ელექტრონული, 777 უბანში კი ტრადიციული წესით ჩატარდება. 10 უბანი კი გამონაკლისი შემთხვევებისთვისაა. მიუხედავად იმისა, რომ ცესკოში განმარტავენ, რომ არჩევნები აქამდეც ფარულობის დაცვით ტარდებოდა, წელს სპეკულაციებისგან თავის არიდების მიზნით ხმის მთვლელ აპარატს მეტი ფარულობისთვის დამცავი საფარი დაემატა.

დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მზადება. ყველა საარჩევნო უბანზე არჩევნებისთვის საჭირო ტექნიკა და ინვენტარი უკვე განლაგებულია. დღეს 6 საათზე დაილუქა საარჩევნო უბნები და პირველ ამომრჩეველს ხვალ 8 საათიდან უკვე მიიღებენ. აუცილებელია, მოქალაქეს თან ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და ის ხმის მიცემას წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებს. ხმის მიცემა უბნებზე საღამოს 8 საათზე დასრულდება.