„100-ზე მეტი ადამიანი მოვიდა და მოინანია...“ - მამა შალვა განმარტავს, რა არის საჭირო „ბიბლიური თავისუფლების“ დასატოვებლად

მამა შალვა

პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ 2017 წელს რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნა, სახელწოდებით „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“. ორგანიზაცია წვევამდელებს სასულიერო პირებად აკურთხებს და შესაბამის ცნობებსაც გასცემს. 

2021 წელს წმინდა სინოდის განჩინებით, ცნობილი გახდა, რომ „გირჩის“ მიერ შექმნილი „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს ზიარება, ჯვრისწერა, ნათლობა და წესის აგება ეკრძალებათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, რამდენიმე სასულიერო პირი განჩინებას არ ემორჩილება და საკუთარი ინიციატივით, გარდაცვლილებს წესს უგებს.

რამდენიმე დღის წინ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ 27 წლის ბიჭის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ წესი ვერ აუგო, რადგან „გირჩი ბიბლიური თავისუფლების“  „რელიგიურ“ სექტაში იყო გაწევრებული. სასულიერო პირმა განმარტა, რომ ახალგაზრდები შეცდომაში შეყვანილები არიან და იმ „ფარატინა ფურცელმა“, რომელმაც დროებით ჯარიდან დაიხსნა, ეკლესიას დააშორა და სარწმუნოებაზე ხელმოწერით უარი ათქმევინა.

სასულიერო პირის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „გირჩის“ და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მტკიცებით, რელიგიური ორგანიზაციის წევრობა ნიშნავს თავისუფლების მნიშვნელოვან ღირებულებად აღიარებას, რაც არც ერთ სხვა რელიგიურ კონფესიასთან არ მოდის წინააღმდეგობაში. თუმცა, მეორე ნაწილი საწინააღმდეგო პოზიციაზეა.

„პრაიმტაიმთან“ მამა შალვამ ისაუბრა.

მამა შალვა კეკელია: - წმინდა სინოდმა 2 წლის წინ მიიღო ოფიციალური დადგენილება, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან „ბიბლიურ თავისუფლებაში“ გაწევრებულები, მათზე ყველანაირი ღვთის, საეკლესიო მსახურება არ შეიძლება შესრულდეს ერთი მიზეზის გამო, ეს ადამიანები, როდესაც იქ წევრიანდებიან, უარს ამბობენ ქრისტიანობაზე. მათ ატყუებენ, ეუბნებიან, რომ ეს არაფერს ნიშნავს, მხოლოდ ფარატინა ფურცელიაო და ამ დროს, ადამიანები სექტაში წევრდებიან როგორც სასულიერო პირები. ამას სხვადასხვა მიზეზით აკეთებენ, თუმცა, მართლმადიდებლობას რა მიზეზით დატოვებ, გამართლება არ აქვს. 

ჩვენ ადამიანებს თავისუფალ ნებას არ ვუზღუდავთ. ყველას აქვს უფლება, რომელ სარწმუნოებაშიც სურს, გაწევრიანდეს. ეს მისი არჩევანია და ამის გამო, არავის ვებრძვით. მაგრამ, როცა ადამიანი სხვა რელიგიის აღმსარებელი ხდება, მასზე მართლმადიდებლური მსახურებები არ აღესრულება. ეს ბუნებრივია, ჩვენ იეჰოვას მოწმეები არ გვთხოვენ ჯვრის დაწერას და სხვა რიტუალის აღსრულებას, რადგან ამ ყველაფერს არ აღიარებენ. ამ ახალგაზრდებს კი ატყუებენ და ეუბნებიან, რომ ეს არაფერს ნიშნავსო. რეალურად ნიშნავს - ადამიანი ხელს აწერს და თანხმობას აცხადებს, რომ ხდება სექტის წევრი, ყველაფერს ხელმოწერით ადასტურებს.

ვიდეო მიმართვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემი რამდენიმე სტიქაროსანიც ყოფილა გაწევრიანებული იქ და არ იცოდნენ, ეს რამხელა პრობლემა იყო და რამხელა ცოდვაში იყვნენ. ამ განცხადების შემდეგ ჩემთან 1 კვირის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანი მოვიდა, რომელმაც მოინანია და ეკლესიაში დაბრუნდნენ.

ბიბლია

არამართლმადიდებელ ადამიანს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთის მსახურებას არ აღასრულებს. ამ შემთხვევაში, რა შუაშია ბიბლია... კათოლიკეებს ჩვენ წესს არ ვუგებთ, არც იეჰოვას მოწმეებს. მათ თავიანთი არჩევანი აქვთ... თუ ადამიანი ამ სექტის წევრი გახდება, ბუნებრივია, მასზე მსახურება არ აღესრულება. 

„სექტა“

ჩვეულებრივი „რელიგიური“ სექტაა. სახელმწიფოს აქვს ბრძანება გამოცემული, ჯარში მხოლოდ სასულიერო პირები არ მიჰყავთ. ის უნდა იყოს სექტის, რელიგიის წარმომადგენელი. სხვა შემთხვევაში ჯარში წაიყვანდნენ. ისინი როგორც სექტა, ისე არიან გაფორმებულები, თუ ადამიანი ასეთ სექტაში გაწევრიანდება, მას მართლმადიდებლურ ეკლესისთან შეხება უკვე აღარ აქვს. 

მონანიება

არსებობენ სასულიერო პირები, რომლებმაც თქვეს, რომ საეკლესიო რიტუალს „გირჩში“ გაწევრებულებისთვის მაინც აღავლენდნენ. მათ ამას არავინ უშლის, მაგრამ სინოდმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. 

ადამიანმა ნებისმიერ ეკლესიას და ნებისმიერ სასულიერო პირს უნდა მიმართოს, უნდა ითხოვოს პატიება და შენდობა. მოძღვარი მას ხელწერილს დააწერინებს, ამის შემდეგ მოძღვარი შენდობის ლოცვას წაუკითხავს და ის ეკლესიის წიაღში ბრუნდება. ძალიან მარტივი პროცედურაა.