1728312638
VIDEO: ვინ არის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც დამნაშავეთა 60-კაციან დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა
ფინანსური მაქინაციები და ტრანსნაციონალური თაღლითობა ომის დროს. სანამ ევროპა უკრაინას იარაღს აწვდის, უკრაინის კრიმინალური დაჯგუფებები ევროპელ პენსიორებს ძარცვავენ.
ე.წ. ქოლ-ცენტრების დნეპროპეტროვსკის ქსელს გავლენიანი ქართველი კანონიერი ქურდი ლაშა ჯაჭვლიანი, იგივე ლაშა სვანი ციხიდანაც ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულია 12 მილიონი გრივნა, იარაღი და შავი ბუღალტერია.
ერთ-ერთი დაკავებული იმ 10 ბრალდებულ შორის, რომელსაც ხელბორკილები დაადეს, ქართველი კანონიერი ქურდის უახლოესი გარემოცვის წევრად სახელდება. გამოძიებით ირკვევა, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა ლაშა ჯაჭვლიანის ორგანიზებით დნეპროპეტროვსკის ტერიტორიაზე მოაწყო ე.წ ქოლ-ცენტრების ქსელი, სადაც ჩართული იყო 60-მდე ადამიანი. ისინი ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ, როგორც ბანკის უსაფრთხოების თანამშრომლები, მოტყუებით ართმევდნენ პირად საბანკო მონაცემებს და ითვისებდნენ მათ ანგარიშებზე არსებულ დიდი ოდენობით თანხებს.
თანხის გარდა ჩხრეკისას ამოღებულია დარქნეტიდან მოპოვებული მონაცემთა ბაზები, შავი ბუღალტერიის ამსახველი დოკუმენტები, ცეცხლსასროლი იარაღები და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ავტომობილები. საპოლიციო ღონისძიება "ევროჯასტის" მხარდაჭერით ჩატარდა.
თავად ლაშა ჯაჭვლიანი კიევში დეკემბერში დააკავეს. მას კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა და ქურდული შეკრების ორგანიზება ედება ბრალად. კიევის სასამართლოში მისი საქმის განხილვა ამჟამადაც მიმდინარეობს, თუმცა ქართველი კანონიერი ქურდი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
გამოძიების ინფორმაციით, ქოლ-ცენტრების ყოველთვიური ბრუნვა 5 მილიონ გრივნას აჭარბებდა. შავი ფულის გათეთრებას კი ელექტროტექნიკის მაღაზიის მეშვეობით ახდენდნენ. არ გამორიცხავენ რომ ბრალდებულთა წრე კიდევ გაიზარდოს. ქართველ კანონიერ ქურდს კი ბრალი საპატიმროში დაუმძიმონ