პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქართული კვალი საერთაშორისო სკანდალში და წარსულის გაქრობა სოლიდური თანხის სანაცვლოდ - ბარსელონაში დაარსებული იურიდიული ფირმა, რომელიც საერთაშორისო დამნაშავეებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათთვის არასასურველი ინფორმაციის გაქრობაში ეხმარება, თბილისშია რეგისტრირებული. კომპანია სოციალური ქსელიდან და ინტერნეტ პლატფორმებიდან აქრობს ყველანაირ მონაცემს, რომელიც დამკვეთის ინტერესებთან კონფლიქტშია.
ვინ დგას საერთაშორისო სკანდალში გახვეული კომპანია "ელიმინალიას" უკან? - კითხვას, თბილისში, ატენის ქუჩაზე მივყავართ. სწორედ ამ მისამართზეა რეგისტრირებული ბარსელონაში დაარსებული იურიდიული ფირმის ოფიციალური წარმომადგენლობა, რომელიც მომხმარებლებს მთელი მსოფლიოდან რეპუტაციულ მხარდაჭერას სთავაზობს. აღმოჩენილია დოკუმენტები, რითაც დასტურდება, რომ საერთაშორისო კორპორაციის საფარქვეშ, რეალურად, დეზინფორმაციის მძლავრი ინდუსტრია იმალება.
ათობით ათასი ფაილი და კონფინდენციალური დოკუმენტი ახლა უკვე ხელმისაწვდომია. უზარმაზარი ინფორმაცია, რომელმაც ინტერნეტში გაჟონა, კომპანია "ელიმინალიას" ტრანსნაციონალურ დანაშაულში ამხელს. ირკვევა, რომ სოლიდური თანხის სანაცვლოდ "ელიმინალია" კრიმინალურ ორგანიზაციებს და საერთაშორისო დამნაშავეებს ბნელი წარსულის გათეთრებას სთავაზობს. ინტერნეტ სივრცესა და მედიაში გამოქვეყნებული ნეგატიური კონტენტის გაქრობას "ელიმინალია" საავტორო უფლებებთან დაკავშირებული ყალბი საჩივრებით, ჟურნალისტების შანტაჟით და ფარული მოლაპარაკებით ახერხებს. სანაცვლოდ კი კლიენტებისგან ათი ათასობით ევროს სარგებელს იღებს.
“როგორ ახერხებენ ამას? ყალბი საჩივრებით და მანიპულაციით. მაგალითად, ეს სტატია ცნობილ ნარკოდილერზეა, აღწერილია მისი დანაშაულებები, ეს კი იგივე ისტორიაა, დაკოპირებული, შეცვლილია სახელი და გვარი და ატვირთულია სხვა ადამიანის, მაგალითად ფეხბურთელის ფოტო. ასე ქმნიან ილუზიას და ახერხებენ, რომ რეალური ინფორმაცია დამალონ“ - ამბობს პაულ-ოლივერ დეჰაიე, პერსონალურ მონაცემთა მკვლევარი.
ეს საქმიანობა უკვე ათი წელია კომპანია "ელიმინალიას" ყოველდღიურობაა. იურიდიული ფირმა 30 წლის ესპანელმა, დიეგო, იგივე “დიდაკ“ სანჩესმა დააფუძნა, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს დედაქალაქსაც რამდენჯერმე სტუმრობდა. მან ვაკეში, სწორედ ამ მისამართზე იქირავა ოფისი. პოსტკრიმპტუმმა გაარკვია, რომ "ელიმინალიას" ფილიალი ატენის ქუჩაზე 2021 წლის 3 ნოემბერს დარეგისტრირდა.
ოფისი დაკეტილი დაგვხვდა. ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ფართი ესპანელ მამაკაცს აქვს ნაქირავები, თუმცა უკვე რამდენიმე კვირაა ადგილზე არ გამოჩენილა. აქ არავინ იცის, რეალურად, რას საქმიანობს ეს ოფისი.
ვარკვევთ, რომ დიეგო სანჩესმა ამავე მისამართზე სხვა რამდენიმე კომპანიაც დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრში გადავამოწმეთ და დავადგინეთ, რომ სანჩესი ფლობს შპს “მეიდან ჰოლდინგიის“ 100-პროცენტიან წილსაც, თუმცა ცოტა ხნის წინ ამ კომპანიის ლიკვიდაცია მოითხოვა. 13 მარტს, შემოსავლების სამსახურს ოფიციალური წერილითაც მიმართა, რათა ამოეღოთ გადასახადის გადამხდელთა ბაზიდან. ამ დოკუმენტით, ირკვევა, რომ საერთაშორისო სკანდალში გახვეული 30 წლის ესპანელი საქართველოში ბიზნესების სასწრაფოდ დახურვას ცდილობს.
გასაჯაროებულ ფაილებში "პოსტსკრიპტუმმა" ქართული მაფიის ბოსის, ტარიელ ონიანის სახელიც იპოვა. აღმოჩნდა, რომ ე.წ. ქართველმა კანონიერმა ქურდმა ინტერნეტსივრცეში საკუთარი წარსულის გასასუფთავებლად ელიმინალიას 30 000 ევრო გადაუხადა. ცნობილია შუამავლის ვინაობაც. ის ქართულ მაფიასთან დაკავშირებული მეწარმე, მალჩას თეთრუაშვილია.
ყველა არა, მაგრამ ტარიელ ონიანის შესახებ საკვანძო ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში მართლაც აღარ იძებნება. მათ შორის, არც ვიდეო, რომელიც 2019 წლით თარიღდება და ქართველი ე.წ. “კანონიერი ქურდის“ მიერ საპატიმროს დატოვების პროცესს ასახავს.
ტარიელ ონიანი ერთადერთი არაა, ვისი რეპუტაციის გათეთრებას ესპანური კომპანია ცდილობდა. გასაჯაროებულ ფაილებში ფიგურირებს ტრანსნაციონალურ კრიპტოთაღლითობაში მხილებული ჯგუფი, რომელთა ქმედებამ, საერთო ჯამში, მილიარდობით დოლარის ზარალი გამოიწვია. "ელიმინალიას" მომსახურეობით ისარგებლა და ინტერნეტში 72 ბმულის წაშლა ითხოვა იტალიურმა კომპანია “არეამ“, რომელიც სირიელი დიქტატორის, ბაშარ ალ ასადის რეჟიმისთვის სათვალთვალო აპარატურის მიწოდებაშია მხილებული. საკუთარი წარსულის გათეთრება "ელიამინალიას" ანდობს ხოსე ფერნანდესიც - ნარკობარონი, რომელიც ესპანელმა სამართალდამცველებმა ბარსელონაში კოკაინის ქსელის მთავარ ფიგურანტად დაასახელეს. კომპანიის კლიენტებს შორის არიან ბავშვთა პორნოგრაფიაში, კორუფციასა და პოლიტიკურ სკანდალებში გახვეული დამნაშავეებიც. ვრცელ სიაშია 1400-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი.
სებასტიან ფანტი, კიბერსპეციალისტი ამბობს - "მათ არ აქვთ ლეგალური უფლება წაშალონ თავიანთი წარსული, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ კონკრეტული ამბები დაგავიწყონ. ისინი ქმნიან ბუნდოვან გარემოებებს ისე, რომ რეალური ინფორმაცია ნაკლებად ხილული, ან საერთოდ უხილავი გახდეს ინტერნეტსივრცეში. კანონის თვალსაზრისით, ეს საკმაოდ სარისკო საქმეა“.
თავად დიეგო სანჩესი კამერების წინ არ ჩნდება - არც თბილისში და არც ბარსელონაში."ელიმინალიას" დაფუძნების შესახებ მან წლების წინ ავტობიოგრაფიულ პუბლიკაციაში ისაუბრა. ირკვევა, რომ სანჩესი არასრულწლოვანი იყო, როცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მოძალადე სახელად ჰილ პრადოსი დააკავეს, თუმცა დაზარალებულმა მოულოდნელად პოლიციიდან საჩივარი გამოიტანა, დამნაშავე გაათავისუფლეს და უფრო მეტიც, ის დიეგო სანჩესის მენტორი და საქმიანი პარტნიორი გახდა.
დიეგო სანჩესის მრავალ წამოწყებას შორისაა უკრაინაში დაფუძნებული სუროგაციის ქსელიც. სანჩესი ამ კომპანიის აქციებს წლების წინ, მასზე ძალადობისთვის დაკავებულ ჰილ პრადოსთან ერთად ინაწილებს. სუროგაციის ბიზნესის საქმეს ახლა უკრაინაში იძიებენ. მას ჩვილებით უკანონო ვაჭრობაში ადანაშაულებენ. საუბარია გაყალბებული დოკუმენტებით და ფიქტიური ქორწინებებით უკრაინიდან ასეულობით ბავშვის გაყვანაზე.