პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის საქალაქო სასამართლოში მახათას მთაზე მომხდარი კრიმინალური გარჩევის მონაწილე პირების პროცესი დაიწყო. პატიმრობაში რჩება სამივე ბრალდებული. მოსამართლემ, გირაოსთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. უფრო წონადი აღმოჩნდა სახელმწიფო ბრალდების არგუმენტი, რომ არსებობდა მოწმეებზე ზეწოლის და მიმალვის საფრთხე. თავის მხრივ, უფლებადამცველებმა ე.წ. ქურდული გარჩევის საქმეში პროკურატურის მტკიცებულებები ეჭვქვეშ დააყენეს.
პროცესზე ბრალდებულებს არაფერი უთქვამთ, თუმცა მათი პოზიცია ცნობილია - ანრი ხარაიშვილი, გიორგი შინჯიაშვილი და ანზორ შარმაიძე ბრალს არ აღიარებენ. განსხვავებულია გამოძიების ვერსია. ფარული აუდიო ჩანაწერის მიხედვით, კრიმინალური ავტორიტეტი ანზორ შარმაიძე, მახათას მთაზე "ქურდულ გარჩევას" აორგანიზებდა. ამ თხოვნით კი მას ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის მფლობელმა ანრი ხარაიშვილმა მიმართა, რომელიც გამყიდველს თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, კრიმინალური გარჩევა ხარაიშვილის სასარგებლოდ გადაწყდა. შედეგად, მის ყოფილ თანამშრომელს 8000 ლარის გადახდას, მუქარით აიძულებდნენ. ოპერატიული მასალის მიხედვით, გარჩევას მოდავეების გარდა, დაესწრო გიორგი შინჯიაშვილი, ზედმეტსახელად "ჩუქჩა" სამართალდამცველებმა "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. ფარულ მასალაში ისმის საუბარიც, სადაც შინჯიაშვილი დაზარალებულს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრება.
საპირისპიროა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია. პროკურორის განცხადებით, საქმის არსებით განხილვის ეტაპზე საკმარისზე მეტ მტკიცებულებას წარმოადგენენ.
გამოძიების ინფორმაციით, ანზორ შარმაიძე და მასთან ერთად ბრალდებული 2 პირი წარსულში ნასამართლევები არიან. შარმაიძე 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტია. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის ბრალდებით, მან ციხეში 15 წელი გაატარა. "სი-აი-ეის" აგენტი, რომელიც საქართველოში პრეზიდენტის დაცვის წევრებს წვრთნიდა, 1993 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. იმავე დღეს, მკვლელობის ბრალდებით, შარმაიძე დააკავეს.
სასჯელის მოხდის შემდეგ, შარმაიძემ თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა და პროკურატურას საქმის ხელახალი გადახედვის მოთხოვნით მიმართა. ახლა საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას კიდევ ერთხელ ცდილობს. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის დადასტურების შემთხვევაში მას და კიდევ ორ ბრალდებულს 6-10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.