„ნურავის ექნება იმედი, რომ რაიმესი შეეშინდება...“ - ვრცელდება ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება
1739215393
23 წლის ლაშა თვალაბეიშვილი ახლო მეგობრის, ლევან ჯანგულაშვილის მკვლელობას აღიარებს. ჰყვება, როგორ დაჭრა 28 წლის მამაკაცი, რომელიც მაღალი სართულიდან გადმოგდების შემდეგ, უმოქმედო ლიფტის შახტში დამწვარი იპოვეს.
გამოძიების ინფორმაციით, არმატურით და სავარაუდოდ, ლურსმნიანი ფიცრით ცემის შემდეგ, სისხლისგან თითქმის დაცლილი ახალგაზრდა, ლაშა თვალაბეიშვილმა მშენებარე კორპუსის მე-7 სართულიდან გადააგდო.
ვიდეო-აღიარება, რომელიც "კურიერი P.S.-მა" მოიპოვა, მხოლოდ ფრაგმენტია. დაკავებულმა ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს შემზარავი დანაშაული დეტალურად აღწერა. მოვიპოვეთ ჩვენების წერილობითი ვერსიაც.
12 იანვარი, თბილისი, ვაშლიჯვარი, გაბაშვილის ქუჩა. გამოძიების ინფორმაციით, დაუსრულებელ ნაგებობაში ლაშა თვალაბეიშვილი და ლევან ჯანგულაშვილი ერთად ავიდნენ. რა შინაარსის იყო კორპუსის მე-7 სართულზე მეგობრების ბოლო საუბარი, უცნობია, თუმცა გაირკვა, რომ მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. მშენებარე კორპუსის ამ სართულზე "კურიერი P.S.-ს" ბევრი სამშენებლო ნაგავი დახვდა. სავარაუდოდ, აქედან აიღო სავარაუდო დამნაშავემ მკვლელობის იარაღი. ლევან ჯანგულაშვილის სისხლის გუბე იქ ახლაც ჩანს. ახალგაზრდა მძიმედ დაჭრილი იყო, როდესაც მაღალი სართულიდან გადააგდეს, შემდეგ კი დაწვეს.
მიტოვებულ კორპუსში უმოქმედო ლიფტის შახტში უმძიმესი დანაშაულის კვალი დაგვხვდა. მათ შორის ლეიბი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავემ მეგობრის ცხედარს დააფარა და დაწვა. "კურიერი P.S.-მა" გაარკვია, რომ მანამ, სანამ ოჯახი გაუჩინარებულ 28 წლის ახალგაზრდას ეძებდა, დამნაშავე შემთხვევის ადგილზე 3-ჯერ მივიდა და კვალის გაქრობას ცხედარზე ნაგვის დაყრით ცდილობდა.
10-დღიანი გამოძიების შემდეგ საქმე გაიხსნა - ლაშა თვალაბეიშვილი დააკავეს. "კურიერი P.S.-ის" მიერ მოპოვებულ ვიდეო-ჩვენებაში, აღიარებაც, მისი ფარული გამოკითხვის დროს ჩაიწერეს.
ბრალდებულს მკვლელობის მუხლი აქვს წარდგენილი, რაც 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, დანიშნულია ექსპერტიზები, პასუხების შემდეგ კი, არ არის გამორიცხული, მუხლი კიდევ უფრო დამძიმდეს და დამნაშავეს უვადო პატიმრობა დაემუქროს. დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატი ბრალდებულის ფსიქიკურ პრობლემებზე მიანიშნებს.
დაზარალებულ ოჯახს კამერებთან საუბარი ამ ეტაპზე არ სურს. რამდენიმე კვირის წინ კი, "კურიერს" ინტერვიუ მოკლულის დეიდაშვილმა მისცა. ახალგაზრდა სიღნაღში დაკრძალეს.
საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, რამდენიმე კვირაში საქმეზე სხდომა ჩატარდება, სადაც ბრალდებულს პოზიციის დაფიქსირების უფლება კიდევ ერთხელ მიეცემა. პროკურორს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.