თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში მივიდა

თეონა თამაზაშვილ

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში მივიდა. პროკურატურაში შესვლამდე თეონა თამაზაშვილმა მედიას განუცხადა, რომ ის იქამდე იბრძოლებს, სანამ მუხლი არ გადაკვალიფიცირდება.

„პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ დაგვიბარა, ქალაქის პროკურატურაში მობრძანდითო და გავისაუბროთ თქვენი განცხადების საფუძველზეო. ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რას გვეტყვიან.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ თავიდან დაიწყოს გამოძიება, გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლით, დაგვიბრუნონ კომპიუტერი, დაზარალებულად გვცნონ და საქმის მასალებზე გვქონდეს წვდომა.

ორჯერ იყო კაცი [ირაკლი ღარიბაშვილი] პრემიერი, მაშინ რომ გამემჟღავნებინა გვარი, რისი მომცემი იქნებოდა… ახლა რადგან ციხეშია და მისი დანაშაული დამტკიცდა, მინდა, რომ თამუნასთან დაკავშირებული დანაშაულიც აღიაროს და ამ დანაშაულზეც აგოს პასუხი ღარიბაშვილმაც და ლილუაშვილმაც. მესამე [დამნაშავე] ვინც არის, ეს გამოძიებამ დაადგინოს.

ბოლომდე ვიბრძოლებ, შევეწირები და არ დავნებდები”, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.