სუროგაციისა და ბავშვთა ვაჭრობის საქმეზე ბრალდებული ქართველი ქალი საბერძნეთის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - რა დეტალები ხდება ცნობილი

ჩვილი

საბერძნეთის სასამართლომ სუროგაციისა და ბავშვთა ვაჭრობის საქმეზე ბრალდებული ქართველი ქალი 15,000 ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

47 წლის საქართველოს მოქალაქე იტალიაში საერთაშორისო ძებნის ორდერის საფუძველზე დააკავეს და საბერძნეთის სამართალდამცავ უწყებებს გადასცეს.

ქართველმა ქალმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუკი მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.

ქართველს გირაოს თანხის გადახდასთან ერთად, თვის განმავლობაში ორჯერ სამართალდამცავ უწყებაში მისვლა და თანამშრომლობა დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში უკანონო სუროგაციისა და ტრეფიკინგის საქმეზე 8 პირი დააკავეს. მათ შორის ქალაქ ხანიაში მდებარე კლინიკის დამფუძნებელი, ექიმები და შუამავლები.

ბერძენი სამართალდამცველების ინფორმაციით, უკანონო სუროგაცია და ქალებისთვის კვერცხუჯრედის ამოღება, დანაშაულებრივ ქსელს დიდ სარგებელს აძლევდა. სუროგაციის საშუალო ფასი 70-დან 100 ათას ევრომდე მერყეობდა, ზოგ შემთხვევაში კი 120 ათას ევროსაც აღწევდა. ბერძნული მედიის ცნობით, ბავშვებს ყალბი საბუთებით სხვადასხვა ქვეყანაში უშვილო, მათ შორის ერთსქესიან წყვილებზე ყიდდნენ.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქსელში ყველას თავისი როლი ჰქონდა. საქართველოს მოქალაქეს სხვებთან ერთად სუროგატი დედების მოძიება ევალებოდა, ნაწილს მათი სასტუმროში დაბინავება და შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფა, უშუალოდ სამედიცინო მანიპულაციას კუნძულ კრეტაზე ცნობილი ექიმ-გინეკოლოგი უზრუნველყოფდა, რომელიც ასევე ბრალდებულთა შორისაა.

საქმეში ფიგურირებს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. ახალგაზრდა ქალი, რომელიც საბერძნეთიდან რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა, სავარაუდოდ, თავადაც დონორი იყო, რის შემდეგაც ქსელმა ის შუამავლის პოზიციაზეც დაასაქმა.

ცნობილია, რომ საბერძნეთში სუროგაცია ლეგალურია მხოლოდ დაქორწინებული ჰეტეროსექსუალური წყვილებისთვის, თუმცა ბერძნული გამოძიების ინფორმაციით, გახმაურებულ საქმეში იკვეთება ჩვილებით ვაჭრობის, ქალების ექსპლუატაციის, თაღლითობის და დოკუმენტაციის გაყალბების კვალი.