შსს-ს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას დაკავებულია 16 პირი - მათგან 3 ხელწერილით გაათავისუფლეს

shss

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი - აქედან 3 ხელწერილით უკვე გათავისუფლებულია.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს - პოლიცია მათ მოუწოდებს, რომ საავტომობილო გზა გაათავისუფლონ. ოპოზიცია კი დემონსტრანტებს მოუწოდებს, პროტესტის გამოსახატად მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში.

შეგახსენებთ, მანამდე აქციის მონაწილეები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეეწყვიტათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია და პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფარგლებში.

შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 15 წუთი მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, რის შემდეგაც სამართალდამცველები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ტერიტორია, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, სამართალდამცველებმა ხელოვნური კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს.

აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი – მელიქიშვილის გამზირის, მეორე ნაწილი კი ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს. ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.