შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

გიორგი შაქარაშვილი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდადებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდადებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილს და მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

აღნიშნული პირები მსჯავრდადებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას.

სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვანებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

https://pog.gov.ge/news/giorgi-shaqarashvilis-mkvlelobis-saqmeze-uzenaesma-sasamarTlom-gamamtyunebeli-ganacheni-Zalashi-dato