საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

იარაღი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, აჭარაში ჩატარებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული მ.ა. გამოავლინეს და დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მ.ა. - ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხსასროლი იარაღები, 14 საბრძოლო ვაზნა და რამდენიმე მჭიდი. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.