სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მოქალაქემ აივანზე ე.წ. ტენტების შეცვლისა და მონტაჟის სერვისის მისაღებად ერთ-ერთ კომპანიას მიმართა. ბრალდებულმა, რომელიც აღნიშნული კომპანიის ფაქტობრივი მფლობელი იყო, მოქალაქე დაარწმუნა, რომ შეთანხმებულ სამუშაოებს შეასრულებდა, რის საფუძველზეც მოქალაქემ ავანსის სახით კომპანიის საბანკო ანგარიშზე 24 000 ლარი ჩარიცხა.

შეთანხმების მიუხედავად, ბრალდებულმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მიღებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

✕