რა წერია წერილში, რომელიც სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა ციხიდან გამოაგზავნა

სმიტების მკვლელობა

ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მალხაზ კობაური პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს აგზავნის. რომელსაც სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

სააგენტოსთვის გამოგზავნილ წერილში წერს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. კობაური განმარტავს, რომ მოკლულ რაიან სმიტის დედასთან შეხვედრა აღარ სურს, ვინაიდან ამას ვერ ბედავს, თუმცა მზადაა, რაიან სმიტის ძმას ესაუბროს.

„3 წელია უკვე აქ ვზივარ და ძალიან ბევრი დრო მქონდა იმ ყველაფერზე მეფიქრა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ძალიან რთულია ამ ყველაფერს გაუძლო, მაგრამ მხოლოდ ის მაძლიერებს, რომ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ახლობლები, ყველანი დღემდე ჩემ გვერდით არიან და ჩემს უდანაშაულობაში ერთი წუთითაც არ შეუტანიათ ეჭვი. მამა ჩემთან პაემნებზე არ მოდის, არ ვიცი რატომ, ალბათ, მისთვის კიდევ უფრო რთულია მისი შვილის ასეთ დღეში ხილვა, თუმცა ტელეფონით მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია. დედა და ჩემი ძმა კი გამუდმებით მოდიან ჩემთან და მათი მხარდაჭერა ძალიან მაძლიერებს“, - აცხადებს მსჯავრდებული.

კობაურის განმარტებით, მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ სამართალდამცველებს მისთვის ცნობილი ინფორმაცია არ მიაწოდა.

ის ასევე გამოეხმაურა რაიან სმიტის დედისგან, ლინ სმიტისგან მიღებულ წერილს, რომელშიც მოკლულის დედა კობაურს “ბევრი ლოცვისკენ” მოუწოდებდა. წერილის მიღების შემდეგ, მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა ახლა აცხადებს, რომ რაიან სმიტის დედასთან შეხვედრას ვერ შეძლებს.

„ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო მისი მხრიდან წერილის მიღება. უამრავი ვარიანტი და მოსაზრება მქონდა, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და წარმომიდგენია, როგორი რთული იყო ეს მისთვის. სიმართლე გითხრათ, ახლა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ მასთან შეხვედრას ვერ გავბედავდი და ახლაც ვერ შევძლებ, თუმცა შემიძლია მის (რაიან სმიტის) ძმას შევხვდე. მგონია, რომ ის, როგორც მამაკაცი, უფრო გამიგებს და ნაკლებად ემოციური იქნება. წარმოდგენაც არ მინდა, რას გრძნობენ ისინი მათი ოჯახის წევრების დაკარგვის შემდეგ“, - აცხადებს კობაური.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“