პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე: სასამართლო პროცესზე ბრალდებამ გამოიკვლია ურთიერთშეთავსებადი მტკიცებულებები, რომელიც ქმნის გამამტყუნებელი განაჩენისთვის სტანდარტს

თამარ ბეჟუაშვილი

 ოქტომბრის საქმეზე დღეს, სავარაუდოდ, პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ 6 პირის განაჩენი გამოცხადდება. სხდომა საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.

პროცესზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება. სიტყვის უფლებით ისარგებლებენ ბრალდებულებიც.

"თავად ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ისინი არიან აქციის ორგანიზატორები, ამის არაერთი უტყუარი მტკიცებულებაა, შესაბამისად, აქციის ორგანიზატორებმა დააანონსეს და დააორგანიზეს ის ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებები, რომლებიც ორგანიზებულად ხდებოდა და ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. არაერთი ვიდეოჩანაწერი ლაივ რეჟიმში ნანახია ყველას მიერ, თუ როგორ ხდებოდა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ასევე, როგორ დაზიანდა ინვენტარი.

ამასთანავე, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ პირები, რომლებმაც უშუალოდ ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. ამდენად, სასამართლო პროცესზე ბრალდებამ გამოიკვლია ურთიერთშეთავსებადი მტკიცებულებები, რომელიც ქმნის გამამტყუნებელი განაჩენისთვის სტანდარტს," - აცხადებს პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ. მათ 3-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.