დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
81 წლის ექიმი მისი ხელმძღვანელის შეშინებას მაკაროვის სისტემის პისტოლეტით ცდილობდა, რომელიც წლების განმავლობაში კლინიკა "კანვენში" საკუთარ კაბინეტში ჰქონდა შენახული. ადვოკატი სწორედ დაკავებული ვენეროლოგის, თეიმურაზ ბეჟანიძის ჩვენებაზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ განზრახვა მკვლელობა არ ყოფილა. თუმცა ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე კონფლიქტი არსებობდა.
გასროლამ, 52 წლის გიორგი გალდავას, რომელიც წლების განმავლობაში ბეჟანიძესთან ერთად მუშაობდა, მხარი და შინაგანი ორგანოები დაუზიანა. ის იმავე ეზოში მდებარე თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში დროულად მოათავსეს. მდგომარეობა თავდაპირველად მძიმე იყო, თუმცა რამდენიმე ოპერაციის შემდეგ დასტაბილურდა.
პოლიციამ დანაშაულის იარაღი ამოიღო. კოლეგის დაჭრის შემდეგ, 81 წლის ბეჟანიძემ პისტოლეტი იქვე, საავადმყოფოს ეზოში დააგდო და სახლში წავიდა. ვიდრე მას პოლიცია დააკავებდა, ოჯახის წევრებს შეხვდა და ადვოკატსაც დაუკავშირდა. დღეს მისამართზე მისი ოჯახის წევრები არ ყოფილან, თუმცა მეზობლები ამბობენ, რომ სტაჟიანი ექიმის მხრიდან ჩადენილმა დანაშაულმა გააკვირვათ.
დადებითი დახასიათებების და გამოძიებასთან თანამშრომლობის მიუხედავად, 81 წლის ექიმს განზრახ მკვლელობის მცდელობის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მძიმე სასჯელი - 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ბრალს ხვალ წარუდგენენ. დიდი ალბათობით ხვალვე გაიმართება სასამართლოც. ადვოკატს იმედი აქვს, რომ არსებითი განხილვის ეტაპზე, მოსამართლე მის ასაკს და ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობას გაითვალისწინებს.