„მთავარია ბავშვი გადარჩეს... დამნაშავე ვარ“ - რას ამბობს შარტავას ქუჩაზე ავარიის საქმის ბრალდებული

ავარია

თბილისის საქალაქო სასამართლოში შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულის დავით ჯალაღონიას სასამართლო პროცესი ჩატარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯალაღონიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა ახლა მთავარია ბავშვი გადარჩეს, თვითონ კი დამნაშავეა და უნდა უნდა დაისაჯოს.

“ბავშვის დახმარება შემიძლია რამით? მთავარია ჩემთვის ეს ბავშვი გადარჩეს და მას ჰქონდეს ყველაფერი კარგად, ჩემს თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, როგორც დამნაშავე პატიმრობა მეკუთვნის, - განაცხადა დავით ჯალაღონიამ.

ცნობისთვის, თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ავტომობილი 8 წლის ბიჭს დაეჯახა. 

დაშავებული რვა წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.