შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
21 მარ 20:32
მიმდინარე წელს ჩინეთში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო კანადის ოთხი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ კანადის მთავრობა ადასტურებს.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის განცხადებით, ყველა მათგანი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი იყო. ამასთან, ჯოლი არ ასაჯაროებს სიკვდილით დასჯილთა ვინაობას.
როგორც მელანი ჯოლიმ აღნიშნა, ის თვეების განმავლობაში ყურადღებით ადევნებდა თვალს აღნიშნულ საქმეებს და სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრიუდოსთან ერთად ცდილობდა, მათი სიკვდილით დასჯა შეეჩერებინა. კანადის მთავრობაში ამბობენ, რომ კანადამ არაერთხელ მოუწოდა ჩინეთის ხელისუფლებას ამ პირების შეწყალებისკენ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ და მოუწოდებენ კანადას, პატივი სცეს ჩინეთის მართლმსაჯულების სუვერენიტეტს. კანადაში ჩინეთის საელჩოში კი აღნიშნეს, რომ ამ პირების დანაშაულების დამადასტურებელი სერიოზული და საკმარისი მტკიცებულებები არსებობდა.
„ნარკოდანაშაულთან ბრძოლა ყველა ქვეყნის საერთო პასუხისმგებლობაა. ჩინეთი კანონის უზენაესობით იმართება და ყველა ეროვნების ბრალდებულს თანაბრად ექცევა, საქმეებს მკაცრად და სამართლიანად, კანონის შესაბამისად განიხილავს და ამავე დროს უზრუნველყოფს მონაწილე მხარეების ლეგიტიმურ უფლებებს და კანადური მხარის სამოქალაქო უფლებებს. კანადურმა მხარემ პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობის სულისკვეთებას და შეწყვიტოს ჩარევა ჩინეთის მართლმსაჯულების სუვერენიტეტში“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა.